„ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ახლოს დგას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან და
მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ სტრატეგიის რეალიზებაში, რომელიც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ანექსიისკენაა მიმართული, ამ კვირაში ბარსელონაში იმყოფებოდა, „კრემლის ორბიტაზე“ კატალონიის სავარაუდო დამოუკიდებლობის მიბმის მიზნით“, - ნათქვამია გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - დავიდ ალანდეტე).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში, რომელიც სადაზვერვო ცნობებს იმოწმებს, აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთის ირედენტული რესპუბლიკის დე-ფაქტო საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი, ორშაბათს კატალონიას „ოფიციალური“ ვიზიტით ეწვია და იქ ორმხრივი ურთიერთობის დაწყების მიზნით ოფისი გახსნა. დიმიტრი მედოევის ვიზიტს კერძო დღის წესრიგი ჰქონდა. იგი ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა „ორმხრივი კავშირების ხელშეწყობის მიზნით კულტურის, ჰუმანიტარულ [და ვაჭრობის] სფეროებში“.
სტატიაში მოხსენიებულია რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გამოქვეყნებული დიმიტრი მედოევის სიტყვები ე.წ. „წარმომადგენლობის“ საზეიმო გახსნის დროს, რომელშიც ერთგვარი პარალელებია გავლებული ესპანეთის შემადგენლობაში მყოფი კატალონიის კაზუსსა და პრორუსულად განწყობილი, თეორიულად დამოუკიდებელი, რეალურად კი მოსკოვის მიერ ანექსირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის: „26 წლის წინათ სამხრეთ ოსეთის ხალხმა იგივე პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა საკუთარი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვისო“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.
სამხრეთ ოსეთმა (53 ათასი მცხოვრებით) და აფხაზეთმა (240 ათასი მცხოვრებით) საქართველოსაგან დამოუკიდებლობა 1990-იან წლებში გამოაცხადეს. „რუსეთმა ხელი შეუწყო საქართველოს დაშლას, რადგან ამ ქვეყანამ, 3,7 მილიონიანი მოსახლეობით, დასავლეთთან დაახლოება დაიწყო. მოსკოვმა იგივე გააკეთა 2014 წელს უკრაინასთან მიმართებითაც (42,5 მილიონი მოსახლეობით) და უშუალოდ მიიერთა ყირიმის ნახევარკუნძული“, - აღნიშნულია სტატიაში.
დიმიტრი მედოევი ეწვია იტალიის პროვინციებს - ლომბარდიასა და ვენეტოს, შეხვდა რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს. რაც შეეხება კატალონიას, ოთხშაბათს არც კატალონიის და არც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას არ დაუდასტურება და არ უარყვიათ [დიმიტრი მედოევის] რაიმე შეხვედრის ფაქტი კატალონიის მთავრობის მაღალჩინოსნებთან ან კანონმდებლებთან“, - წერს დავიდ ალანდეტე. ავტორი მკითხველს ახსენებს, რომ ჯერ კიდევ 25 სექტემბერს სამხრეთ ოსეთმა განაცხადა - „კატალონიელ ხალხს აქვს დამოუკიდებლობის მოთხოვნის უფლება, ხოლო [ესპანეთის ხელისუფლების მიერ გატარებული] რეპრესიები და [დასავლეთის] ორმაგი სტანდარტები მიუღებელიაო“.
პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი თვით კრემლის ორმაგ სტანდარტებსაც ქვესათაურით „რუსეთის ორმაგი დიპლომატიური თამაშები“. ავტორი, კერძოდ, აღნიშნავს: „მართალია, რუსული დიპლომატია საჯაროდ აცხადებს, რომ კატალონიის კრიზისი ესპანეთის საშინაო საქმეაო, რუსეთის პრეზიდენტი პირიქით, უფრო კრიტიკულად მიუდგა საკითხს და პირდაპირ თქვა სოჭში ახლახანს გამართულ საერთაშორისო ფორუმზე, რომ კატალონიაში მომხდარი ამბები ევროპის პოლიტიკის ბრალიაო - იმ ევროპისა, რომელმაც თავის დროზე დაუფიქრებლად და უსიტყვოდ დაუჭირა მხარი კოსოვოს გამოყოფას. ევროპამ გახსნა „პანდორას ყუთი“, რითაც ხელი შეუწყო მსგავს პროცესებს სხვადასხვა რეგიონებში - უფრო მდიდარ ქვეყნებშიც, როგორიც ესპანეთია და იქაური მყიფე სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დააყენა... ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც სიხარულით მხარი დაუჭირეს ქვეყნების დაშლას“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
იქვე სტატიის ავტორი, რუსეთის პრეზიდენტის განცხადების პასუხად, შენიშვნის სახით წერს, რომ ესპანეთს მხარი არ დაუჭერია სერბეთისაგან კოსოვოს გამოყოფისათვის და, დასავლეთის სხვა სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, მადრიდს კოსოვოს დამოუკიდებლობა დღემდე არ უღიარებია.
