«Die Tageszeitung» (გერმანია): გაქრება კი ოდესმე ასეთი „საზღვარი“?
«Die Tageszeitung» (გერმანია): გაქრება კი ოდესმე ასეთი „საზღვარი“?
10:50 25.10.2017
„სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, - ასე თვლის რუსეთი. „სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია“, - მიიჩნევს საქართველო და მთელი დანარჩენი მსოფლიო. ამასობაში კი ყოფილი გერმანელი სამხედრო მოსამსახურე ახალი ომის თავიდან აცილებას ცდილობს“, - ასე იწყება ვრცელი სტატია, რომლის ავტორი დანიელ შულცი თვითონ იმყოფებოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

„რა არის საზღვარი? საზღვარი ისაა, რომ შენ იმ ტუალეტით სარგებლობა უკვე აღარ შეგიძლია, რომელიც საკუთარ სახლთან, ეზოს განაპირას გაქვს მოწყობილი. ერთ მშვენიერ დილას იღვიძებ, მიდიხარ „საჭირო ადგილზე“ და ხედავ, რომ იქ მავთულხლართებია გაბმული... ანდა, ვთქვათ, წინაპრების საფლავების მონახულება გინდა, მაგრამ სასაფლაომდე მისასვლელ გზაზეც მესერია აღმართული. საზღვარი ისაა, როცა შენს ბაღში ან იქვე ახლოს მდებარე ტყეში შეშის მოსატანად მიდიხარ, იქიდან კი ნაცემი და თავგატეხილი ბრუნდები.

„ჩვენ არ გვსურს რუსების პროვოცირება“, - ამბობს ჰანს-ჰენრიხ შნაიდერი. იგი 66 წლისაა და ახლა ბონში, საკუთარ სახლში, თავის ცოლთან ერთად ერთად გერმანულ ძეხვს უნდა შეექცეოდეს, მაგრამ ბედმა საქართველოში ყოფნა არგუნა: დგას ჰანსი ტალახში ამოსვრილი ყელიანი ფეხსაცმელებით დიცი-გუგუთიანთკარის გზაზე და საზღვარს დარაჯობს. შნაიდერი და მისი თანამშრომლები ორი ჯიპით არიან მოსულები, რომლებზეც ევროკავშირის ალამი ფრიალებს.

აქ, საქართველოში, რომელიც ოთხ მილიონზე ცოტა მეტ მოსახლეობას ითვლის და რომელიც რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის მდებარეობს, ევროპა-აზიის შემაერთებელ რეგიონში, ევროკავშირის დამკვირვებლები თვალს ადევნებენ მშვიდობის დაცვის რეჟიმს და დაშორიშორების ხაზის კონტროლს ახორციელებენ. ევროპელ დამკვირვებლებს იარაღი არ აქვთ, ისინი მხოლოდ ბინოკლებით, ღამის ხედვის ხელსაწყოებით და დიდობიექტივიანი ფოტოკამერებით დადიან. ისინი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რვადღიანი ომის შემდეგ ჩამოვიდნენ. იმ დროს საქართველოს არმია, სამხრეთ ოსეთის გაკონტროლების მიზნით, რუსეთის არმიებს ებრძოდა. სამხრეთ ოსეთი მცირე რეგიონია საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, 75 ათასი მოსახლეობით და რუსეთს სამხრეთიდან ესაზღვრება. საქართველოს არმიამ ომი წააგო, რუსეთმა კი სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. თბილისი სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.

გამოდის, რომ ეს „საზღვარი“ ნამდვილი საზღვარია?

„დიახ, ასეა“ - პასუხობს "სამხრეთ ოსეთის" მთავრობა. საზღვარი რომ არსებობდეს, მაშინ სამხრეთ ოსეთი მართლაც საქართველოს ნაწილი იქნებოდა. „დიახ, ასეა“, - პასუხობენ რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუის, და წყნარი ოკეანის რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს მთავრობები, რომლებმაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. ევროკავშირის დამკვირვებლების შეფასებით, რუსეთმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 4,5 ათასი ჯარისკაცი განათავსა. ამით მოსკოვი მიუთითებს, თუ რამდენად სერიოზულია მისი „დიახ“. თავის მხრივ, თბილისელი პოლიტიკოსები „არა“-ს ამბობენ და თვლიან, რომ ეს საზღვარი კი არა, საოკუპაციო ხაზია. ამასთან, საქართველოს მთავრობა ყოველნაირად ცდილობს, რომ არაფერი ისეთი არ გააკეთოს, რომლის მიხედვით, ვინმემ სამხრეთ ოსეთი სხვა სახელმწიფოდ არ აღიქვას.

ამიტომაც როცა მე ჰანს-ჰენრიც შნაიდერთან ერთად ჯიპით იმ მავთულხლართამდე მივედი, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის გამმიჯნავ ხაზადაა მიჩნეული, იქ არცერთი ქართული სასაზღვრო პოსტი და არცერთი ქართველი მესაზღვრე არ დამინახავს. იქ მხოლოდ ჩვეულებრივი პოლიციელები დგანან. ჩვენი ავტომობილი საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაჩერდა, პატარა რუხ შენობებთან, რომლებსაც ინგლისურადაც დიდი ასოებით აწერიათ - „პოლიცია“, რომ მთელი მსოფლიოსათვის გასაგები იყოს. საერთოდ, რაც უფრო უახლოვდებით „საზღვარს“, პოლიციელები მით უფრო ემსგავსებიან ჯარისკაცებს: პისტოლეტებს ავტომატები ცვლის, ავტომატებს კი შაშხანები. სულ უფრო ხშირად მოჩანს ბანერები, რომლებზეც რუსებს და ოსებს დიდი თეთრი ასოებით დაუწერიათ - „სახელმწიფო საზღვარი“. „საზღვართან“ უკვე გრანატებით შეიარაღებული ქართველები დგანან - შინაგან საქმეთა სამინისტროს „სპეცნაზი“.

(...)

საზღვარი... გაქრება კი ოდესმე ასეთი „საზღვარი“?

ჰანს-ჰენრიხ შნაიდერი მეუბნება: „ჩვენ, როგორც ჩანს, „ABL“-თან დაკავშირებულ პრობლემას ვეღარ გადავჭრით...“. ოჰ, დამავიწყდა მეთქვა, რომ ევროკავშირმა აქაურ „საზღვარს“ მხარეთა „დაშორიშორების ადმინისტრაციული ხაზი“ (ანუ ABL - Administrative Boundary Line) უწოდა. რას ვიზამთ... ეს არის არანეიტრალური სიტუაციის ნეიტრალურად წარმოსახვის მცდელობა.

რუსეთმა „ABL“-ის გასწვრივ ტერიტორიის მოსაწყობად დიდი ფული დახარჯა: ააშენა სამხედრო ბაზა, რომელიც, ევროკავშირეის დამკვირვებელთა შეფასებით, ბევრად უფრო მეტ ჯარისკაცს დაიტევს, რამდენიც იქ დღესაა. სამხრეთ ოსეთს მომგებიანი სტრატეგიული მდებარეობა აქვს, აქედან თურქეთამდე მხოლოდ 160 კილომეტრია, ირანამდე - 500-700 კმ.

ჰანს-ჰენრიხ შნაიდერი თვლის, რომ ქართველები მართლები არიან, სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია უკანონოა. მაგრამ იგი იმასაც ამბობს, რომ ქართველების აბსოლუტური ჯიუტობის პოლიტიკა - არ დაელაპარაკოს [რუსეთს] - უფრო მეტ ზიანს აყენებს არა რუსულ არმიას და სამხრეთ ოსეთის მთავრობას, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც „საზღვრის“ პირას ცხოვრობენ. რასაკვირველია, საქართველოს არ შეუძლია სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ აუცილებელია სიტუაციის ისეთი დარეგულირება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას „საზღვარზე“ გადასვლას გაუადვილებს. „ჩვენ ამ პრობლემის [გლობალური] მოგვარება არ შეგვიძლია, მაგრამ ის, რომ დაეხმარო რომელიმე ადგილობრივ მცხოვრებს თავის მეზობელთან მივიდეს მავთულხლართის (მესრის) იქითა მხარეს, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს“, - ამბობს ჰანს-ჰენრიხ შნაიდერი. თვითონ მას, რასაკვირველია, ბონში თავისი სახლი და ბაღი ენატრება, თუმცა... „შესაძლოა, როცა ბონში წავალ, შემდეგ ისევ აქ დავბრუნდე დამკვირვებლად, მაგრამ ამჯერად არჩევნებზე. არ მინდა აქაურობა დიდი ხნით მივატოვო“.



ბეჭდვა