«The Economist»(დიდი ბრიტანეთი): აღმოსავლეთ ევროპელებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ევროკავშირს კი გაფართოება აღარ უნდა
«The Economist»(დიდი ბრიტანეთი): აღმოსავლეთ ევროპელებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ევროკავშირს კი გაფართოება აღარ უნდა
15:16 24.10.2017
„სად გადის ევროპის აღმოსავლეთი საზღვარი? ეს კითხვა ევროპის სახელმწიფოების ლიდერებს საუკუნეების განმავლობაში აწუხებდათ. დღესაც ევროკავშირისათვის რთული გადასაჭრელია, როგორ უნდა მოექცეს ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირში გაერთიანება სურთ“, - წერს ბრიტანული ჟურნალი The Economist.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში საუბარია ევროკავშირის მიერ 2009 წლიდან განხორციელებულ „აღმოსავლეთის თანამშრომლობის“ პროგრამაზე, რომელსაც ხუთი ქვეყნისთვის (ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) ევროკავშირთან ინტეგრაციის იმედები უნდა მიეცა. პროგრამის იდეა მდგომარეობდა ევროპული ფასეულობების აგიტაცია-პროპაგანდაში, ეკონომიკურ ინტეგრირებასა და საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნებზე რუსეთის გავლენის შესუსტებაში, თუმცა ევროკავშირი არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოს თავის რიგებში მიღებას არ პირდებოდა. დღეს კი, რაც უფრო ახლოვდება „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ მონაწილე ქვეყნების სამიტი (ნოემბერში), ამ პროგრამით უკმაყოფილება იზრდება. „გვირაბის ბოლოს სინათლის გარეშე ამ პროცესის დასრულება მძიმე შედეგების მომტანი იქნება“, - განაცხადა გასულ კვირას თამარ ხულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ექვს ქვეყანას 2020 წლისათვის 20 ახალი „დავალება“ აქვთ შესასრულებელი, რომელთაგან ზოგიერთის რეალიზება საკმაოდ რთული იქნება, მათი არაპოპულარული ხასიათის გამო. ვთქვათ, სექსუალური თანასწორობის მიღწევა ევროპული სტანდარტების მიხედვით. ამასთან, ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის განსხვავებები არსებობს - უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები უკვე გააფორმეს, ბელარუსს, სომხეთს და აზერბაიჯანს კი ევროინტეგრაციის ამ დონემდე ჯერ ვერ მიუღწევიათ. არის სხვა სირთულეებიც: მოლდოვაში, მაგალითად, ოპოზიცია ხელისუფლებას იმას საყვედურობს, რომ „ევროპული პოლიტიკით კორუფციისა და პოლიტიკური დევნის შენიღბვას ცდილობთო“ და ამაში მართლაც არის ჭეშმარიტების მარცვალი.

საქართველოში რეფორმების გატარების ტემპი შენელდა. ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მისი დაამარსებლის - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება. ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის თქმით, ის ბიუროკრატული აპარატი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შეამცირა, დღეს კვლავ უსაშველოდაა გაზრდილი. მთავრობა პოპულისტურ გადაწყვეტილებებს იღებს და კრძალავს უცხოელებზე მიწის გაყიდვას. ასევე იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინებაც, კონსტიტუციის დონეზე.

უკრაინამ, რომელმაც ევროპული არჩევანი 2014 წლის რევოლუციის შედეგად გააკეთა, ვერ მიაღწია წარმატებას წინა რეჟიმის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟში. უკრაინის ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს ანტიკორუფციულ ორგანიზაციებზე, ვერ განხორციელდა სასამართლო სისტემის რეფორმირება.

რაც შეეხება სომხეთს, ბელარუსს და აზერბაიჯანს, ეს ქვეყნები სხვადასხვა დონის ავტოკრატულ სახელმწიფოებად რჩებიან. ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი რუსეთის უსაფრთხოების სტრუქტურებთან, რაც მათ მნიშვნელოვნად განასხვავებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისაგან. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილი და აქედან გამომდინარე, თბილისს, კიშინიოვს და კიევს ევროკავშირისაგან უსაფრთხოების გარანტიები მიღება სურთ.

ყოველივე ეს ეჭვს ბადებს, თუ რამდენად შორს წავა „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებით. 16 სექტემბერს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ და ნოემბერში დაგეგმილ სამიტზე, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის „საგზაო რუკის“ მიცემა მოითხოვეს. თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, შეიძლება ყველაფერი ძველებურად (ისევე, როგორც 2015 წელს) დასრულდეს, რაც მხოლოდ ამ ქვეყნების „ევროპული სწრაფვის აღიარებაში“ გამოიხატება. თუმცა ნიდერლანდებს და გერმანიას, რომელთა ამომრჩეველი მტკივნეულად აღიქვამს ევროკავშირის გაფართოებას, 2015 წლის იმ განცხადების გამეორებაც აღარ სურთ. ერთადერთი, რაზედაც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილეებს შეიძლება იმედი ჰქონდეთ, ისაა, რომ რადგანაც ევროპის აღმოსავლეთი საზღვარი ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება, შეიძლება ოდესმე, ერთ მშვენიერ დღეს, ისინი ევროკავშირში მიიღონ, - ნთქვამია სტატიაში.

ბეჭდვა