სტატიაში გადმოცემულია რუსეთის პოპულარულ გაზეთ «Комсомольская правда»-ს ჟურნალისტის შთაბეჭდილებები,
რომელიც საქართველოში რამდენიმე დღე იმყოფებოდა და საკუთარი თვალით დაინახა ქართველების ყოველდღიური ცხოვრება, მათი განწყობა, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია... (ავტორი - ალექსანდრე გრიშინი).
სტატია გაზეთში ორ ნაწილად დაიბეჭდა. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე მიმოხილვას:
---------
სტატიის პირველ ნაწილში, ისევე როგორც უცხოელი ჟურნალისტების უმრავლესობა, რუსი მიმომხილველიც თავისი შთაბეჭდილებების გადმოცემას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იწყებს და ტაქსის მძღოლს ესაუბრება. ტაქსისტი სიტყვაუხვი და ლაპარაკის მოყვარული აღმოჩნდა, იმავდროულად კი სიმპათიურად განწყობილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ. „საქართველოში ექს-პრეზიდენტს უბრალოდ მიშას უწოდებენ. გვარ-სახელით მას მხოლოდ შეურიგებელი ოპოზიციონერები მოიხსენიებენ. მიშას მხარდამჭერები ქვეყანაში ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობითაა, თუმცა უმრავლესობაში აღარ არიან“, - აღნიშნავს ავტორი.
ტაქსისტი რუს სტუმარს, სანამ სასტუმრომდე მიიყვანს, მიშას მიერ საქართველოს აღმშენებლობაში შეტანილ წვლილზე უყვება - როგორ ააშენა და დაამშვენა ქვეყანა მიხეილ სააკაშვილმა, როგორ იხსნებოდა ყოველდღიურად ახალ-ახალი გზები და სხვა ობიექტები, როგორ გაჩნდა ჩაბნელებულ ქვეყანაში ელექტროენერგია და ა.შ.
ავტორი ესაუბრება ნანა დევდარიანს, რომელიც საქართველოში პარლამენტის წევრიც იყო, სახალხო დამცველიც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც, დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კვლევების ცენტრს“ ხელმძღვანელობს... საუბრის თემა მიხეილ სააკაშვილის პერსპექტივაა - დაბრუნდება თუ არა იგი სამშობლოში, გადმოსცემს თუ არა უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ექს-პრეზიდენტს. ნანა დევდარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ჰყავს მომხრეები საქართველოში, მაგრამ მისი რეიტინგი უკვე კატასტროფულადაა დაცემული - ადრე მას მხარს მოსახლეობის 90% უჭერდა, ახლა კი 11-12%. „ჩვენთან ზვიად გამსახურდიასაც თავისი მომხრეები ჰყავს. იგი, მართალია, შეცდომებს უშვებდა, მაგრამ სამშობლო გულწრფელად უყვარდა და პატრიოტი იყო, მიხეილ სააკაშვილი უფრო კოსმოპოლიტია, ვიდრე პატრიოტი“.
რუსი ჟურნალისტი შეხვდა ასევე ახალგაზრდა ბლოგერს გიორგი მდივანს, რომელსაც ფეისბუქში Politicano-ს გვერდი აქვს გახსნილი და ალექსანდრე ლომიას - „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელს. მათთან საუბრის თემა კვლავ მიხეილ სააკაშვილის სამომავლო პერსპექტივაა. გიორგი მდივანის აზრით, ექს-პრეზიდენტი უკვე პოლიტიკურ გვამს წარმოადგენს, ალექსანდრე ლომია კი განმარტავს, თუ რატომ არ სურს სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება, თუმცა უკრაინას მის გადმოცემას მაინც სთხოვს: „ჩვენს ხელისუფლებას მისი დაპატიმრება არ სურს. ხელისუფლებას ზეწოლისა ეშინია... ვაითუ იძულებული გავხდეთ და გავათავისუფლოთო. ან წამებულის შარავანდედი შევუქმნათო“.
როგორც ჩანს, უკრაინა მიშას საქართველოს არ გადასცემს, რასაც ზოგი სიხარულით, ზოგიც კი სინანულით აღიქვამს. ამჟამად მიშა „უსახელურო ჩემოდნის“ ამპლუაში გამოდის: მისი გადაგდება გენანება, ტარებით კი ვერ ატარებ. გარდა ამისა, არის ერთი ნიუანსიც: „თუ მიშას ციხეში ჩასვამ, საზოგადოებას ამით აჩვენებ, რომ თურმე ქვეყნის ყოფილი ლიდერების დაპატიმრებაც შესაძლებელია, ანუ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახული იქნება. მაგრამ ვაითუ შემდეგ იგივე ხალხმა, დღევანდელი ხელისუფლების წასვლის შემდეგ, მათი დაპატიმრებაც მოითხოვონ? ასე რომ, უმჯობესია ექს-პრეზიდენტის ფიგურა ხელშეუხებელი იყოს“.
ავტორი ვრცლად გადმოსცემს თბილისური რესტორან-კაფეების მენიუს, ესაუბრება რუს ტურისტებს, რომლებსაც საქართველოს შესახებ საუკეთესო შთაბეჭდილებები აქვთ. იგი ხაზს უსვამს რუსი ტურისტების ნაკადის სწრაფ ზრდას, სტატისტიკურ მონაცემებს... ბათუმში ყოფნისას ალკექსანდრე გრიშინი ყურადღებას აქცევს ქალაქის ახალმშენებლობებს, მრავალრიცხოვან უცხოელ ინვესტორებს...
------
პუბლიკაციის მეორე ნაწილში ავტორი საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას ეხება, განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს ქართველი პოლიტიკოსების დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ. „დღეს საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელიც რუსეთთან მეგობრობისთვის მზად იქნება. რუსეთი ქართული საზოგადოების თვალში მტერი და აგრესორია, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. თვით „პატრიოტთა ალიანსიც“ კი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრედ გამოდის, თავის მიერ გატარებულ პოლიტიკას პრორუსულად კი არა, პროქართულად მიიჩნევს. „პატრიოტები“ თვლიან, რომ საქართველოს თავის ყველა მეზობელთან, მათ შორის რუსეთთანაც, ნორმალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ამის მიუხედავად, „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტშიც და მასმედიაშიც „სამშობლოს მოღალატის“ იარლიყი მიაწებეს“, - აღნიშნავს ავტორი და იქვე იხსენებს „უჭკვიანეს პოლიტიკოსს“ ნინო ბურჯანაძეს, რომელიც სწორედ რუსეთის საკითხმა „გატეხა“: მან საკუთარ პოლიტიკურ ბედს თვითონ გამოუტანა განაჩენი, როცა რუსეთთან დაახლოებაზე დაიწყო ლაპარაკი.
პუბლიკაციაში გადმოცემულია ალექსანდრე ლომიას, ნანა დევდარიანის, მალხაზ გულაშვილის (მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ მფლობელის), გია ხუხაშვილის (ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის) და სხვათა თვალსაზრისები, რომლებიც ვრცლად საუბრობენ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე.
აი, ამონარიდები სტატიიდან:
„ჩემთან მოსაუბრეების თვალსაზრისები საოცრად ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა მე მათ სრულიად სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე შევხვდი. რომანტიულად განწყობილები ჯერ კიდევ თვლიან, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, სკეპტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ სანამ საქართველოს კონფლიქტები (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) არ მოგვარდება, მანამ ნატოში გაწევრიანებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
საინტერესოა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც საქართველოს თავის წევრად არ ღებულობს, ამ ქვეყანას მაინც ყველანაირად იყენებს, მაგალითად, ავღანეთის ოპერაციებში, სადაც ასობით ქართველი ჯარისკაცია გაგზავნილი. „ჩვენ ნატოსთვის იაფი საზარბაზნე ხორცი ვართ, - თვლის გია ხუხაშვილი, - დასავლეთს ჩვენს მიმართ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი აქვს: მას სურს, რომ საქართველო, საზარბაზნე ხორცის სახით, რუსეთთან ომის წინა ხაზზე ჰყავდეს, რომ ჩვენგან და უკრაინისგან ბუფერი ჩამოაყალიბოს“.
„ერთი ჯარისკაცის დაღუპვა ამერიკას 15 მილიონი დოლარი უჯდება. თუ ქართველი ჯარისკაცი მოკვდება, ვაშინგტონისთვია იაფი იქნება. ჩვენ უკვე 32 ჯარისკაცი დაგვეღუპა, დაჭრილების რაოდენობაზე კი უკვე არავინ არ ლაპარაკობს, - სჭექს მალხაზ გულაშვილი, - ბევრი ხვდება, თუ როგორ გვიყურებს ამერიკა. როცა ჩვენთან ტყეები იწვოდა ბორჯომის ხეობაში, ამერიკელებმა მეხანძრეების ფეხსაცმელები გამოგვიგზავნეს“.
ალექსანდრე გრიშინი ესაუბრება უნივერსიტეტის სტუდენტებსაც, რომლებმაც ბევრი რამ არ იციან საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, მეორე მსოფლიო ომში შეტანილ ქართველთა წვლილზე. ავტორი სინანულით აღნიშნავს: „შეიძლება სტუდენტების ასეთი უცოდინარობა საქართველოს ევროპულ არჩევანს დავაბრალოთ, რომელსაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მეთაური - კათოლიკოს-პატრიარქი ეწინააღმდეგება. ილია მეორეს გიგანტური ავტორიტეტი აქვს, მაგრამ მას ებრძვიან - ებრძვიან დასავლეთიდან, ნატოდან... ეკლესიაშიც განხეთქილება მწიფდება. უკვე დანიშნულია ნატოს კურატორი, რომელიც ღრმად პატივცემული პატრიარქის სიკვდილს ელოდება, რათა დაპირისპირების ინიციატივა მოახდინოს. და თუ ეს მოხდება, [ევროინტეგრაციას] ნაკლები მოწინააღმდეგე ეყოლება. პრინციპში, მთავარი პრაქტიკულად უკვე მიღწეულია: ახალგაზრდა თაობა საკუთარი ქვეყნის ისტორიას და თავისი გმირებს არ იცნობს. მათი მახსოვრობა განადგურებულია. არადა, ასეთი რამ კავკასიელებისთვის ადრე დამახასიათებელი არ იყო...
„ქართველები თანდათან ივიწყებენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ბრძნულ აფორიზმებს... მოვა დრო და, ალბათ, ინანებენ კიდეც“, - წერს სტატიის დასარულს ავტორი.
