„რუსეთით და შავი ზღვით იზოლირებულ-გარემოცული საქართველო ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროპასთან
დაახლოებას ცდილობს და ამ ძალისხმევაში მნიშვნელოვან როლს ფუნდუკი (ტყის თხილი) ასრულებს. 2007 წელს იტალიურმა კომპანიამ Ferrero საქართველოში თავისი წარმომადგენლობა გახსნა, რომლის მიზანს ამ კომპანიის მთავარი პროდუქტის - შოკოლად-თხილის პასტის - Nutella-ს ძირითადი ინგრედიენტის მიწოდება შეადგენდა (Nutella ევროპელებისათვის საყვარელი საჭმელია, რომელსაც საუზმის დროს პურზე წასმული სახით მიირთმევენ). იმ დროიდან საქართველო, თხილის დამზადების მხრივ, მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა (თურქეთ-იტალიის შემდეგ). ფუნდუკი საქართველოსთვის ყველაზე დიდ საექსპორტო პროდუქტად იქცა, მხოლოდ სპილენძს თუ ჩამოუვარდებოდა“-ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემის «The Economist»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომლის შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე, მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ Nutella-ს წარმოებისათვის ფუნდუკის მიწოდება გაიოლებულიყო, შეთანხმებას, პირიქით, პროცესის დამუხრუჭება და გართულება შეუძლია. ფუნდუკის ექსპორტის დაახლოებით 10%-ს საქართველო რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან ახორციელებს. თბილისს არანაირი სავაჭრო შეთანხმება არ აქვს აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლებასთან, ფუნდუკი კი ერთადერთი პროდუქტია, რომლის გაყიდვის უფლებას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები ადგილობრივ ფერმერებს აძლევენ (ფუნდუკის კულტურით ძირითადად გალის რაიონის მოსახლეობაა დაკავებული, რომლებთაც მოსავალი საქართველოს (კონტროლირებად რედ.) ტერიტორიაზე გადააქვთ და იქ ყიდიან).
2018 წლიდან, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოდან ექსპორტირებული ყველა პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, ოფიციალური სერტიფიცირების ჩათვლით (ანუ უნდა იყოს მითითებული პროდუქტის წარმომავლობაც). აფხაზმა ფერმერებმა ქართული სერტიფიკატები რომ მიიღონ, აფხაზეთის ხელისუფლება მათ ეროვნულ ღალატად ჩაუთვლით. შესაბამისად, ფუნდუკი Nutella-ს დასამზადებლად ვერ გაიგზავნება. მაგრამ არც აფხაზეთის სრული იზოლირება არ შეიძლება ევროპისაგან, რადგან ამ შემთხვევაში ის რუსეთზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება. „რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ფუნდუკზე მოთხოვნილება იქ ძალიან დაბალია“, - ამბობს აფხაზეთის ე.წ. „ეკონომიკის მინისტრი“ ადღურ არძინბა, - ამიტომ იძულებული ვართ პრიორიტეტი მივანიჭოთ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ღვინო და ცისტრუსები, რომლებიც რუსეთში მოთხოვნილებადია“.
ერთადერთი პროცესი, რომელსაც თბილისისა და სეპარატისტული რეგიონის ურთიერთობის ნორმალიზება შეიძლება მოახდინოს, ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესია, თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, რომ ვთქვათ, ჯერ-ჯერობით არანაირი შედეგი არ ჩანს და საერთოდ, იმ მოლაპარაკებების დღის წესრიგში ვაჭრობის საკითხი საერთოდ არ არის შეტანილი.
მართალია, ფუნდუკს მტრები გაუჩნდა - აზიური ფაროსანა მოსავალს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ანადგურებს - აფხაზეთშიც და საქართველოშიც, მაგრამ ტკბილეულის მოყვარულ ევროპელებს ჯერ-ჯერობით საგანგაშო არაფერი აქვთ, Nutella-ს გამოშვება არ შეწყდება, სამყოფი თხილი მოიძებნება. ცუდი ისაა, რომ სეპარატისტული კონფლიქტი ქართველებს და აფხაზებს ეფექტურად თანამშრომლობის საშუალებას არ აძლევს, რათა მცენარე მავნებლისაგან იყოს დაცული და თხილის ექსპორტიც ნორმალურად განვითარდეს. კაკაო და ფუნდუკი ერთმანეთს კარგად უთავსდება, ვაჭრობა და ნაციონალიზმი კი პირიქით.
