"ნეზავისიმაია გაზეტა": „ქართულმა ოცნებამ“ მეტოქეები გაანადგურა; თბილისის მერი „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი გახდა
"ნეზავისიმაია გაზეტა": „ქართულმა ოცნებამ“ მეტოქეები გაანადგურა; თბილისის მერი „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი გახდა
11:08 24.10.2017
რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოში მუნიციპალური (ადგილობრივი თვითმმართველობის) ორგანოების არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი და შედეგები (ავტორი - იური როქსი).

სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

„საქართველოში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა, ცესკომ წინასწარი შედეგები შეაჯამა, ოპოზიციამ საწადელი ვერ შეისრულა, მმართველმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა, უცხოელმა დამკვირვებლებს რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. „ქართული ოცნების“ წარმატება ტოტალური აღმოჩნდა როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სიებით - მან ოპოზიციას არანაირი შანსი არ დაუტოვა არცერთ უბანზე.

ინტრიგა მხოლოდ თბილისში შეინიშნებოდა: ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნდა, რომ ქალაქის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართებაო, მაგრამ მათი პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა: თბილისის ხელმძღვანელად კვლავ „ქართული ოცნების“ კანდიდატი აირჩიეს, ამჯერად ცნობილი ფეხბურთელი კახა კალაძე. „მოულოდნელი ფაქტი“ მაინც მოხდა: კახა კალაძის მთავარ კონკურენტად პოპულარული ტელეწამყვანი, „ერთიანი ნაცმოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ითვლებოდა, მას კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა აჯობა და ხმების რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდა. მომხდარმა ამბავმა უნდა დააფიქროს როგორც „ნაციონალები“, ასევე მათი არაფორმალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში პოლიტიკური პროექტის რეალიზებას ცდილობს. ფაქტია, რომ „ნაციონალები“, 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებს ლაწა-ლუწით აგებენ და თან სულ უფრო ცუდი შედეგებით.

წესით, ჭკუას მმართველი პარტიამაც უნდა მოუხმოს - ჭირდება კი „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის მარგინალიზაცია? თუ მისი მთავარი მოწინააღმდეგე ასეთი არააეფექტურია („ერთიანმა ნაცმოძრაობამ“ ხმების მხოლოდ 17% მიიღო), მაშინ რა უნდა ითქვას დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ძლივ-ძლივობით აგროვებენ ხმების 5%-ს? თანაც მათი ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია ერთმანეთისაგან გადაწერილს ჰგავდა.

არჩევნების ყველა მონაწილე (თბილისშიც და რეგიონებშიც) თითქოსდა ერთმანეთს გაურიგდა - მათ ყველამ წინა პლანზე ეკოლოგიური და გარემოს დაცვის პრობლემები წამოსწია. ამ სფეროში მართლაც ბევრი რამაა გასაკეთებელი, განსაკუთრებით საქართველოს ტურიზმის პერსპექტვის გათვალისწინებით. ბევრი დაპირება იყო სოციალურ-ეკონომიკური განხრით, მაგრამ რამდენი და როგორ შესრულდება, ეს საკითხი ღიად რჩება.

არჩევნების შედეგების აშკარა ერთმნიშვნელოვანი ხასიათისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადების მიუხედავად - რაიმე სერიოზული დარღვევები არ მომხდარაო - ოპოზიციამ თავისი დამარცხება მაინც ხელისუფლებას დააბრალა: „ნაციონალთა“ აზრით, არჩევნები გაყალბდა. თუმცა მათ აზრს საქართველოში ცოტა ვინმე თუ იზიარებს.
--------
p.s. საქართველოში გამართული მუნიციპალური არჩევნების შესახებ რუსული მასმედიის მიერ გავრცელებული მასალების რაოდენობისა და სიხშირის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პრესა, რადიო-ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტოები საკმაოდ აქტიურად აშუქებდნენ არჩევნების მიმდინარეობას და მის შედეგებს. ასეთივე ტენდენცია და სურათი შეინიშნება უკრაინულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებშიც.

ბეჭდვა