ნიშნავს თუ არა მრწამსის თავისუფლების უფლების შეზღუდვას სკოლაში რელიგიური აქსესუარით მისვლის აკრძალვა?
ამ კითხვაზე პასუხი მარტივი არაა და ის შეიძლება განსხვავებული იყოს იმისდა მიხედვით, რომელ ქვეყანაში ან რომელ რეგიონში ხდება მოქმედება. მაგალითად, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2005 წელს გამოიცა და ცნობილია სახელით „ლეილა საჰინი თურქეთის წინააღმდეგ“, ნათქვამია, რომ ბურსას უნივერსიტეტმა თურქეთში, როდესაც სტუდენტებს თავსაბურავების ტარების უფლება შეუზღუდა, კანონი არ დაურღვევია მრწამსის თავისუფლების შესახებ.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში ორი მოსწავლე გოგონა, რომელიც სკოლაში რელიგიური თავსაბურავით მივიდა, უკან გააბრუნეს. სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა აცხადებს: „გვაქვს შინაგანაწესი, სადაც ერთ–ერთ პუნქტად წერია, რომ მოსწავლეს სკოლის შენობაში ეკრძალება კეპიანი ქუდით, ბენდენით, სათვალით, შარფით და სხვა სახის თავსახვევით გამოცხადება. მე ვფიქრობ, აქ არაფერია რელიგიური და არც დისკრიმინაციის ნიშანი არაა“.
მოსწავლის მამა, რომელიც მომხდარ ფაქტში რელიგიის თავისუფლების უფლების შეზღუდვა დაინახა, ამავდროულად ამბობს, რომ თუ სკოლა წესს არ შეცვლის, შვილს სკოლაში არ გაუშვებს: „დირექტორმა რომ დაინახა ჩემი გოგო ჰიჯაბში, უთხრა, რატომ ხარ ასეო, ვინ ჩაგაცმევინაო, აბა სხვა ვინაა სკოლაში ჰიჯაბითო. ბავშვი შეაშინეს. მე იმას ვიტყვი, რომ თუ ეს წესი არ იქნება მიღებული, ჩვენს შვილებს არ გავუშვებთ სკოლაში“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლის დორექტორის მოსაზრებას იზიარებს. დაირღვა თუ არა სკოლის მოსწავლეების რელიგიის თავისუფლების უფლება, ეს საკითხი შესწავლის საგანს წარმოადგენს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ვისაც მოსწავლის ოჯახმა რელიგიის თავისუფლების უფლების დაცვის მიზნით მიმართა, აცხადებენ, რომ მათ საკითხის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველს მიმართეს, რადგან მიიჩნევენ, რომ მოსწავლის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა დაფიქსირდა, რომელიც სახალხო დამცველის კომპეტენციას წარმოადგენს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ყარაჯალის სკოლის შინაგანაწესი გამოითხოვა, სადაც მართლაც მითითებულია სკოლის დირექტორის მიერ ჩამოთვლილი თავსაბურავების აკრძალვის თაობაზე. გიორგი გოცირიძე, საია-ს იურისტი, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სკოლის შინაგანაწესში არსებული აკრძალვა მხოლოდ მუსლიმურ თავსაბურავს არ უნდა შეხებოდა. „იმ შემთხვევაში, თუ სკოლა კრძალავს რელიგიური ხასიათის აქსესუარების ტარებას სკოლის შენობაში, ეს აკრძალვა უნდა ეხებოდეს ყველა რელიგიურ მიმდინარეობას. მაგალითად, ასევე უნდა იყოს აკრძალული ჯვრის, სამაჯური–ფკსვნილის, დავითის ვარსკვლავის და სხვათა ტარება, თუ ის გარეშე პირისთვის შესამჩნევი და თვალში მოსახვედრია. ამგვარი აკრძალვა თუ იქნებოდა გაწერილი შინაგანაწესში, ის დაარეგულირებდა ჰიჯაბის საკითხსაც და ამ შემთხვევაში დისკრიმინაციას აღარ ექნებოდა ადგილი“ - ასე განმარტავენ საკითხს საია-ში. „ჩვენ მივიჩნიეთ, რომ როდესაც ერთი რელიგიის სიმბოლოს შეტანა სკოლაში შესაძლებელი და მეორე რელიგიის სიმბოლოს შეტანა სკოლაში მოსწავლეს ეკრძალება, ესაა განსხვავებული მოპყრობა, რასაც არ გააჩნია არანაირი გამართლება“, – ამბობს გიორგი გოცირიძე.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლა თავის შინაგანაწესში აკრძალავდა ყველა რელიგიური აქსესუარის ტარებას, დისკრიმინაციის საკითხი აღარ განიხილებოდა, მაგრამ რაკი თავსაბურავის აკრძალვა მხოლოდ მუსლიმი მრევლის ინტერესს უგულებელყოფს, ამიტომ საქმე დისკრიმინაციის კვალიფიკაციის ქვეშ მოექცა.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია აცხადებს: „ეს არ არის ჩვეულებრივი ტანისამოსი, ჩვეულებრივი თავსაბურავი, ეს არის ადამიანის რელიგიის გამოხატვა. ერთის მხრივ, არ შეიძლება ბავშვები ძალადობას ექვემდებარებოდნენ. ჩვენ ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ, ვინმე არ აიძულებდეთ მათ თავსაბურავის ტარებას, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ეს ნამდვილად ბავშვის არჩევანია და მისი გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მას“.
ევროკავშრის ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვაა დაწესებული რელიგიურ სამოსზე ბურქაზე, ზოგან კი ნიქაბზეც. ამ რამდენიმე დღის წინ მსგავსი აკრძალვა ავსტრიაშიც მიიღეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ბურქა სახის ინდენტიფიკაციას შეუძლებელს ხდის, ამიტომ მისი აკრძალვა მოხდა უსაფრთხოების აუცილებლობიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ყარაჯალელი მოსწავლეების საკითხს, რელიგიის თავისუფლების უფლებაზე საბრძოლველად მათმა ოჯახებმა სასამართლოში წასვლაზე უარი განაცხადეს. ამჯერად მხოლოდ სახალხო დამცველი იმსჯელებს არა მრწამსის თავისუფლების უფლების საკითხზე, არამედ იმის შესახებ, ადგილი აქვს თუ არა დისკრიმინაციას მათ მიმართ სკოლაში. მანამდე კი გოგონები სკოლის გარეშე არიან დარჩენილი, რადგან მშობლები უთავსაბურავოდ გადაადგილებას უკრძალავენ.
წყარო: «Radio Voice of America»
