„საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სუამ-ის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა,
აზერბაიჯანი, მოლდოვა) საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაცია მიიღო. ისინი თბილისში ორგანიზაციის დაარსების 20 წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. მინისტრების სამიტზე ხელი მოეწერა რიგი დოკუმენტებს, მათ შორის შეთანხმებას თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა სუამ-ის ქვეყნების ჩარჩოებში, ასევე განცხადებას პოლიტიკური სიტუაციის შესახებ“, - აღნიშნულია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იური როქსი):
„სუამ-ის წევრი ქვეყნების მინისტრთა სამიტი „თბილისობის“ დღესასწაულს დაემთხვა. ასე რომ, სტუმრებს მუშაობასთან ერთად, სასიამოვნო დასვენების შესაძლებლობაც ჰქონდათ. საერთოდ კი, სამიტის ჩატარებას თავისი მიზეზებიც ჰქონდა - გასარკვევი იყო, თუ „რამდენად შეიძლებოდა სიკვდილის პირას მყოფი პაციენტის გამოცოცხლება“, - წერს ავტორი და სუამ-ის პრობლემებზე მსჯელობს, რომელიც ამ ორგანიზაციას დაარსების პერიოდიდანვე მოჰყვება: უზბეკეთის ზიგზაგური დამოკიდებულება, მოლდოვაში მომხდარი ცვლილებები (მთავრობა ევროპისკენ, პრეზიდენტი - რუსეთისაკენ) და ა.შ. „როგორც ჩანს, სუამ-ის ქვეყნებს მხოლოდ რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აერთიანებთ“, - აღნიშნავს ავტორი.
თბილისის საიუბილეო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეეცადნენ სუამ-ის არსებობა პოლიტიკური შიგთავსით გაემდიდრებინათ. ამ მიმართულებით წინა წლებშიც ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ რეალიზებას ხელს ბანალური ფაქტორები უშლიდა, ყველაზე მეტად კი ეკონომიკური განვითარების სხვადასხვანაირი დონე. სუამი თავის დროზე ამერიკელების ეგიდით ჩამოყალიბდა და განზრახული იყო ეს ორგანიზაცია აზერბაიჯანულ ნავთობზე მიებათ, ანუ დაგეგმილი იყო წევრი ქვეყნების კასპიის ენერგორესურსებით უზრუნველყოფა შეღავათიანი ტარიფებით, მაგრამ მოგვიანებით ბაქომ უარი განაცხადა და ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა. ინიციატორები მიხვდნენ, რომ გადააჭარბეს, თუმცა სიტუაცია არ გამოსწორებულა. შესაბამისად, სუამ-მა ნელ-ნელა პასიურობა დაიწყო, შეხვედრები სულ უფრო იშვიათად იმართებოდა...
გამოაცოცხლებს სუამ-ს თბილისური შეხვედრის დროს მიღებული შეთანხმებები? როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, ამგვარი გეგმები არასერიოზულად აღიქმება: „ეს უფრო პოლიტიკურ დეკლარაციას ჰგავს, რომლის მსგავსი სუამ-ის შეხვედრებზე არაერთხელ მიღებულა. საქართველოზე თუ ვიტყვით, ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, ორმხრივ დონეზე. თბილისში მიღებული დოკუმენტი განუხორციელებელი დარჩება“, - განუცხადა მან „ნეზავისიმაია გაზეტას“. მისი თქმით, სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობა პირდაპირი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებებით რეგულირდება, რომლებიც უფრო ეფექტურია, ვიდრე მრავალმხრივი ფორმატის მქონე დეკლარაციები“.
