ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის მოახლოებასთან დაკავშირებით სომხური გამოცემა «Lragir»-ი ანალიტიკოს
ნაირა აირუმიანის სტატიას აქვეყნებს, რომლის შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
ახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალური თარიღი - 30 ოქტომბერი. გახსნის ცერემონიას, სხვებთან ერთად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანიც დაესწრება. აზერბაიჯანი ამ რკინიგზის ექსპლოატაციის დაწყებას თავის დიპლომატიურ გამარჯვებად მიიჩნევს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ისიც საკმარისია, რომ ბაქომ ამ რკინიგზის მშენებლობაში ყველაზე მეტი ფული დახარაჯა.
ბუნებრივია, ერევანს აინტერესებს, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზისთ სომხეთის კუთვნილი ტვირთების გადაზიდვა. როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰიქმეთ გაჯიევმა განმარტა, „რასაკვირველია, სომხეთს თავისუფლად შეუძლია ამ რკინიგზით და სხვა რეგიონული პროექტებით სარგებლობა, მაგრამ მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის შემდეგ“.
თავის დროზე „ლრაგირი“ შეეცადა პასუხი მიეღო კითხვაზე - აქვს თუ არა საქართველოს ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სომხური ტვირთებიც გადაიტანოს? საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ასეთი მექანიზმების არსებობა უარყვეს.
სომხეთის რკინიგზების ტექნიკური მონაცემები პრაქტიკულად არ განხვავდება არც საქართველოსა და არც აზერბაიჯანის რკინიგზების მონაცემებისაგან (ამიერკავკასიის რკინიგზები ხომ 1990-იან წლებამდე ერთიან სატრანსპორტო სისტემას წარმოადგენდა) და თუ არ განსხვავდება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოუწევს მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება სომხეთის ტვირთების გადაზიდვის აკრძალვის თაობაზე. ფაქტიურად, აზერბაიჯანი კვლავ შეეცდება საქართველოს ცუდი სახით წარმოაჩინოს. არადა, თბილისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელიც რეგიონული კომუნიკაციების თავისუფლად და ღიად სარგებლობას ითვალისწინებს.
აზერბაიჯანმა საქართველოს ამას წინათ ევროპის წინაშე კარგი სარმა გამოსდო, როცა თბილისში ოპოზიციური ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დააკავა. საქართველოს დღემდე არ განუმარტავს, რა იყო ეს - ჟურნალისტის დაკავება ქვეყნის სპეცსამსახურების ნებართვით მოხდა თუ აზერბაიჯანული ძალებს დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ თბილისის ცენტრში ადამიანის დაკავება და საზღვარზე გადაყვანა.
ახლა ბაქო თბილისს კვლავ უხერხულ სიტუაციაში აყენებს: განაცხადებს თუ არა საქართველო, აზერბაიჯანის მსგავსად, რომ რკინიგზით სომხეთის ტვირთების გადატანა მხოლოდ „ჯარის გაყვანის“ შემდეგ მოხდება?
გასულ თვეში თბილისმა ღირსეულად გაართვა თავი მსგავს სიტუაციას, როცა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ანკარამ სპეციალურად „ჩაუშვა“ ინფორმაცია, თითქოსდა გაეროს გენასამბლეის სხდომაზე სამივე ქვეყანა ერთიანი პოზიციით გამოვაო ტერიტორიული მთლიანობის საკითხის თაობაზე. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, საქართველომ ცალკე განცხადება გააკეთა, რომელიც მხოლოდ მის ტერიტორიულ მთლიანობას, მის კონფლიქტებს ეხებოდა და არა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში ჩამოვიდა და სომხეთის ხელმძღვანელებს ესაუბრა. ამის შემდეგ საქართველოს ელჩმა ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ოკუპაციის შედეგებზე ესაუბრა. მოგვიანებით ერევანს ეწვია საქართველოს კულტურის მინისტრიც, რომელმაც დაათვალიერა ქართულად მიჩნეული ეკლესიები და მათი რესტავრირების სურვილი გამოხატა.
მოკლედ, ბოლო დრომდე სომხურ-ქართული ურთიერთობების რეგულირება ერთმანეთის მიმართ პატივისცემის საფუძველზე ხდებოდა, 30 ოქტომბერს კი საქართველოს კიდევ ერთი ტესტის ჩაბარება მოუწევს.
