ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალური ცერემონია 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში
გაიმართება, - ასე განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზების“ თავმჯდომარემ ჯავიდ გურბანოვმა.
როგორც მან აღნიშნა, გასული თვის ბოლოს თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა თბილისიდან ყარსამდე იმგზავრეს, რკინიგზის მდგომარეობა შეამოწმეს და დაადგინეს, რომ უკვე 30 ოქტომბერს სატვირთო მოძრაობის გაიხსნება. „ბაქოდან ყარსამდე მანძილს სატვირთო შემადგენლობა 24 საათში დაფარავს. უკვე მზადდება შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რკინიგზებთან პირველი ტვირთების გასაგზავნად - ესაა რუსეთის მარცვლეული (დაახლოებით 400 ათასი ტონა), აგრეთვე ხე-ტყე და ქვანახშირი“, - ხაზი გაუსვა ჯავიდ გურბანოვმა.
რაც შეეხება მგზავრთა გადაყვანას, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მოსახლეობისათვის მზად 2018 წლისათვის იქნება: უკვე შესყიდულია 30-მდე სამგზავრო ვაგონი შვეიცარიაში, კომპანია Stadler-ისაგან. ეს ვაგონები ისეა აგებული, რომ შესაძლებელია რკინიგზის ლიანდაგის სწრაფი შეცვლა (თურქეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზებზე რელსებს შორის სიგანე ერთმანეთისაგან განსხვავდება - 1520/1435 სმ). ბაქოდან ყარსამდე მანძილს სამგზავრო მატარებელი სატვირთოზე ნაკლებ დროში გაივლის - 16-18 საათში. რკინიგზის ყველაზე დაბალსიჩქარიანი მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაზეა - მაღალმთიანი და, შესაბამისად, რთული რელიეფის გამო მატარებლების სიჩქარე საათში მხოლოდ 60-70 კილომეტრი იქნება.
