ამერიკულ გამოცემა «The New Republic»-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში გაანალიზებულია როგორც რუსეთის
ისტორიაში მომხდარი ომები (განსაკუთრებით მის ახლო მეზობლებთან), ასევე აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები (რუსეთთან მიმართებით), მათი ნეგატიური შედეგები (ავტორი - სოფი პინკჰემი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც საქართველოს ეხება:
„პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ნატოს გაფართოების კამპანია გააქტიურა - აღმოსავლეთისაკენ, ყოფილი საბჭოთა ტერიტორიის მიმართულებით. მისი გეგმების რეალიზებას გარკვეული წინააღმდეგობა ხვდებოდა, კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის, თავდაცვის მინისტრის რობერ გეიტსის და და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მხრიდან. ამასთან, რუსეთმა უფრო ადრე მიანიშნა ვაშინგტონს, რომ თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინას თავის რიგებში მიღებას შესთავაზებდა, ეს იქნებოდა „წითელი ხაზის“ გადაბიჯების ტოლფასი ქმედება. თუმცა მოსკოვის თვალსაზრისმა ხელი ვერ შეუშალა ნატოს განცხადებას (აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით), რომ გადაწყვეტილება „უკვე მიღებულია“ და „ეს ორი ქვეყანა ალიანსის წევრები გახდებიანო“. ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა დადგენილებამ რუსეთზე ძალიან იმოქმედა: მოსკოვი ხომ დიდი ხანია ამჩნევდა, თუ როგორ იკვრებოდა რკალი მის ირგვლივ, რომ მის გარშემო მტრები არიან, რომ მას ხშირად თავს ესხმოდა გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი და შვედეთი. რაც შეეხება ამერიკას, მართალია, ის ოკეანის იქით მდებარეობდა, მაგრამ მაინც რუსეთს „აწვებოდა“ და მისგან იმ ქვეყნების ჩამოშორებას ცდილობდა, რომლებსაც რუსეთთან ასწლოვანი ისტორიული, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები აკავშირებდათ.
რისთვის ჭირდებოდა ამერიკას ეს ყველაფერი? საქართველო და უკრაინა ხომ ამერიკის სტრატეგიული ინტერესების ვერანაირი წარმომადგენლები ვერ იქნებოდნენ? პოლიტიკური ისტორიის მკვლევარი ჯერარდ ტოალი ამას წინათ გამოცემულ წიგნში წერს, რომ აშშ-ის ჩართულობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტებში აიხსნება ვაშინგტონის წარმოდგენით საკუთარი მისიის თაობაზე და პირადი ურთიერთობების სპეციფიკით. ავტორი საკმაოდ კარგად განმარტავს, თუ როგორ განვითარდა საქართველოს კონფლიქტი: 1980 წლის ბოლოს საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედურად შევარდნაძემ კარგი ურთიერთობები დაამყარა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჯეიმს ბეიკერთან და გერმანიის კანცლერთან ჰელმუტ კოლთან. ორივენი მადლობელნი იყვნენ ედუარდ შევარდნაძისა იმისთვის, რომ იგი მათ „ცივი ომის“ მშვიდობიანად დასრულებასა და გერმანიის გაერთიანებაში დაეხმარა. როცა ედუარდ შევარდნაძე 1992 წელს საქართველოს პარლამენტის სპიკერი გახდა, ხოლო 1995 წელს - ქვეყნის პრეზიდენტი, ამერიკამ და გერმანიამ ახლადშექმნილ სახელმწიფოს ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიეს.
ჯერარდ ტოალის აზრით, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, ხედავდა რა რუსეთისაკენ მომზირალი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის შესაძლებლობას, შეიმუშავა „სარეკლამო სტრატეგიის გეგმა საქართველოსთვის“, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაზე იყო ორიენტირებული, პირველ რიგში კი შეერთებულ შტატებზე. როგორ უნდა მოეხდინა გავლენა ამერიკელთა გრძნობებზე, ედუარ შევარდნაძისთვის რთული არ იყო: საქართველო, პატარა და ლამაზი ბუნების მქონე ქვეყანა თავისი გემრიელი კერძებითა და უძველესი ქრისტიანული კულტურით, წარმოდგენილი იყო იმ დავითად, რომელიც რუსულ გოლიათს უპირისპირდებოდა. იმავდროულად ედურად შევარდნაძე დაბეჯითებით უმტკიცებდა ევროპას და ამერიკას - „საქართველო თქვენ ძალიან გჭირდებათ ცენტრალური აზიის ნავთობ-გაზის რესურსების მისაწვდომადო“. ასეთმა მიდგომამ გაამართლა: 2011 წლისათვის საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა იმ სახელმწიფოებს შორის, რომელსაც აშშ უწევდა დახმარებას. თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ფინანსური და ეკონომიკური დახმარების დიდი ნაწილი ნიავდებოდა და კერძო პირთა ჯიბეებში მიდიოდა.
ერაყში და ავღანეთში დაწყებულმა სამხედრო კამპანიამ ამერიკისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა გაზარდა. აქედან გამომდინარე, თბილისს ახალი პოლიტიკური ბერკეტები გაუჩნდა. ამერიკამ საქართველოსთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, ამზადებდა სამხედრო მოსამსახურეებს („წრთვნისა და აღჭურვის პროგრამის“ მიხედვით). საქართველოს იმედი გაუჩნდა, რომ სეპარატისტულ რეგიონებს დაიბრუნებდა. საბოლოოდ, საქართველო შეუერთდა ანტიერაყულ კოალიციას, თავისი ჯარისკაცები ერაყში გაგზავნა, რიტაც კიდევ უფრო მეტი სიმპათია დაიმსახურა აშშ-საგან. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ თავისი სამხედრო-საგარეო პოლიტიკით ედუარდ შევარდნაძემ „შენიღბა“ თავისივე უუნარობა და დასავლეთის ყურადღება მოადუნა: მან ვერ მოახერხა რეფორმების გატარება, ვერ გადააქცია საქართველო ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნად.
საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის’ შედეგად. იგი აშშ-ის კოლუმბიისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებში სწავლობდა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით სარგებლობდა - ნახევრადსახელმწიფოებრივი ორგანიზაციისა, რომლის ოფიციალურ მიზანს „მსოფლიოში თავისუფლების გავრცელება“ წარმოადგენს. 1995 წელს რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ღონისძიებაზე საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენატორი ჯონ მაკკეინი გაიცნო, რომელზეც მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ამერიკელ პოლიტიკოსებს - ისეთებს, როგორიც ჯონ მაკკეინია - ძალიან მოსწონდათ „ვარდების რევოლუციის“ თემა, მით უმეტეს, რომ მას ახალგაზრდა და ენერგიული პიროვნება, ინგლისურ ენაზე თავისუფლად მოლაპარაკე და ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ხელმძღვანელობდა. ამერიკელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილს „თავის კაცად“ თვლიდნენ - იგი ხომ საბჭოთა ბიუროკრატიის გადმონაშთებს ებრძოდა (ანუ იგივე ედუარდ შევარდნაძეს, რომელსაც ამერიკა მრავალი წლის განმავლობაში ბეჯითად მხარს უჭერდა).
---------
ჟურნალი The New Republic დაარსებულია 1914 წელს. რედაქციის მთავარი ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში. გაზეთი იზიარებს და მხარს უჭერს ლიბერალური შეხედულებებს. 2012 წლიდან მისი მფლობელია „ფეისბუქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქრის ჰიუზი. ტირაჟი - 55 ათასი ეგზემპლარი.
