„ng.ru“(რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი მეორე ფრონტს ხსნის?!
„ng.ru“(რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი მეორე ფრონტს ხსნის?!
21:04 01.10.2017
„საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო, ძირითადი კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაუგზავნა. თუმცა, როგორც ჩანს, სცენარი წინასწარ უკვე ცნობილია: რადგან გიორგი მარგველაშვილს ძირითად კანონში შეტანილი ცვლილებების მიმართ კრიტიკული დამოუკიდებლობა არ შეუცვლია, აშკარაა, რომ იგი დოკუმენტს ვეტოს დაადებს. ამის მიუხედავად, რადგან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, არ გაუჭირდება ვეტოს გადალახვა და საბოლოო ჯამში კონსტიტუცია მაინც დამტკიცდება. სახეშეცვლილი კონსტიტუცია ძალაში შევა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, რომელიც 2018 წელს მოხდება“, - აღნიშნულია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

პუბლიკაციაში მიმოხილულია ყველა ის ძირითადი ფაქტები და მოვლენები, რომლებიც თან ახლდა კონსტიტუციის რეფორმირების პროცესს.

„ქვეყნის ძირითადი კანონში შეტანილ ცვლილებებს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გარდა, არავინ იწონებს. მის წინააღმდეგ გამოდის ყველა ასე თუ ისე ცნობილი პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ცნობილი ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები. კონსტიტუციას აუმხედრდნენ და მსგავსი პოზიციით გამოდიან ერთმანეთთან შეურიგებელი მოწინააღმდეგებიც კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მისი განაყოფი „ევროპელი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“. ამ პარტიებს, უპირველესად, არცერთს არ მოსწონს კონსტიტუციაში დაფიქსირებული საარჩევნო სისტემა, რომელიც მათ სამომავლოდ რაიმე წარმატების შანსებს არ უტოვებს. ოპოზიცია მოითხოვს, რომ მაჟორიტარული არჩევნების სისტემა, რომელიც მმართველ პარტიას უპირატესობას აძლევს, კონსტიტუციაში ჩაწერილი 2024 წლისთვის კი არა, არამედ უახლოეს სამ წელიწადში გაუქმდეს. ოპოზიციას ასევე არ მოსწონს პროპორციული არჩევნების დროს ხმების გადანაწილების სქემა, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა და სხვა მრავალი დებულება. ერთობლივ პრეტენზიებს ემატება აგრეთვე ცალკეული პარტიების მოთხოვნებიც: ერთნის აზრით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობა. მეორენს მიაჩნიათ, რომ ქორწინების საკითხი ქვეყნის ძირითად კანონში არასწორადაა გაადაწყვეტილი, მესამენს პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა არ მოსწონთ. კონსტიტუციის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

ხისტი კრიტიკის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აუღელვებლად აცხადებენ, რომ პარლამენტმა სწორედ ისეთი კონსტიტუცია მიიღო, როგორიც ქვეყანას ჭირდება. სწორედ ასეთი ძირითად კანონი უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას მრავალი წლის განმავლობაში და ა.შ.

„საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებულ ამბებს უკრაინიდან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა - მან ფეისბუქში ორაზროვანი ჩანაწერი გააკეთა: „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, არჩევნებით ხელისუფლებიდან წასვლა არ სურს, მაგრამ მოუწევსო“. ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა, მაგალითად, ნინო ბურჯანაძემ აღიარა, რომ ბოლო ხანს მიხეილ სააკაშვილის მოქმედებამ და განცხადებებმა „ნაციონალები“ და მათი მხარდამჭერები მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა, პარტია მარგინალიზებისაგან გადაარჩინა.
თუმცა იმის მტკიცება, რომ უახლოეს ხანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ან სხვა რომელიმე პარტია მმართველ „ქართულ ოცნებას“ ბრძოლაში გამოიწვევს და მასთან წარმატებას მიაღწევს, გულუბრყვილობა იქნებოდა. 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩევნები უნდა ჩატრდეს და როგორც გამოკითხვების შედეგები მოწმობს, მმართველი პარტია ოპოზიციას იოტისოდენასაც კი არაფერს დაუთმობს. მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე კი - 2020 წლამდე - ჯერ საკმაოდ დიდი დრო რჩება „ქართული ოცნების“ პერსპექტივაზე რაიმე კონკრეტული პროგნოზის გადაკეთებლად.

გასაგებია, რომ თუ მმართველი პარტია მიუტევებელ შეცდომას არ დაუშვებს (რაც, პრინციპში, შესაძლებელია), „ქართული ოცნების“ დამარცხება, ადმინისტრაციული რესურსის გათვალისწინებით, იოლი არ იქნება. გარდა ამისა, ისიც აშკარაა, რომ ოპოზიცია, რომელიც კონსტიტუციის შეფასების საკითხში გაერთიანდა, არჩევნებში ერთიანი ფრონტით არ გამოვა: ჯერ ერთი, რომ საარჩევნო ბლოკებად გაერთიანებას თვით ახალი კონსტიტუცია კრძალავს (რითაც ოპოზიციონერები უკმაყოფილონი არიან), მეორე - ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ვთქვათ, „პატრიოტებს“, „ნაციონალებს“ და ნინო ბურჯანაძის პარტიას შორის რაიმე მდგრადი პოლიტიკური კავშირი ჩამოყალიბდეს. ანუ ერთიანი სტრატეგიული მიზნის მიღწევაში წამყვან ოპოზიციურ ძალებს ძალიან განსხვავებული ტაქტიკური მიდგომები აქვთ: თუ „ნაციონალებს“ და მათგან გაქცეულ „ევროპელ ქართველებს“ ხელისუფლებაში დაბრუნება და ბიძინა ივანიშვილის ოლიმპიდან გადმოგდება სწყურიათ, სხვა ოპოზიციონერებს სრულიად აწყობთ ხელისუფლებაში მოსვლაც და იგივე ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი ლიდერობის შენარჩუნებაც. სხვათა შორის, ამგვარი ვარიანტი შეიძლება თვითონ ხელისუფლებისაგან ვითომდა ჩამოშორებულ მილიარდერსაც აწყობდეს. ალბათ, ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ბიძინა ივანიშვილის ქმნილება „ქართული ოცნება“ არამარტო ოპოზიციის, არამედ მთელი ქართული საზოგადოების გამღიზიანებელი გახდება, ხოლო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ვერსია ჰიპოთეტური კატეგორიიდან „სრულიად შესაძლებელში“ გადავა. თუ მანამდე იგი უკრაინაში იმას არ მიიღებს, რისი მიღებაც სურს“, - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.



ბეჭდვა