ბოლო თვეების განმავლობაში სომხურ პრესაში - კერძოდ, გაზეთ «Ժամանակ»-ში („ჟამანაკი“//“დრო“) რამდენჯერმე
გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, სომხეთის ხელისუფლება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური წარმომადგენლის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იური ვარდანიანის შეცვლას აპირებდა და მის ნაცვლად თითქოსდა ინიშნებოდა ერევანში მოქმედი ორგანიზაციის - საექსპერტო-ანალიტიკურ ცენტრ „კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგეი მინასიანი, რომელსაც კავკასიის პრობლემებზე მრავალი გამოკვლევის ავტორი გახლავთ. რა თქმა უნდა, მის ნაშრომებში დიდი ადგილი უკავია საქართველოსაც.
გაზეთმა „ჟამანაკმა“ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა სტატია საქართველოში სომხეთის ელჩად სერგეი მინასიანის სავარაუდო დანიშვნასთან დაკავშირებით: როგორც სომხური გამოცემა აღნიშნავს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თურმე საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულ უარს აცხადებს სერგეი მინასიანის ელჩად დანიშვნაზე და მისთვის აგრემანის (თანხმობის) მიცემაზე. გაზეთის ინფორმაციით, „კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი თბილისისთვის „პერსონა ნონ-გრატას“, ანუ არასასურველ პიროვნებას წარმოადგენს. „საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული ეჭვები აქვს, რომ სერგეი მინასიანი სომხეთის კი არა, რუსეთის წარმომადგენელი იქნებაო“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
წყარო: tert.am
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრესაში დაწყებულ მითქმა-მოთქმაზე კომენტარი გააკეთა. ერევნის მასმედიის ცნობით, სამინისტროს პრეს-მდივანმა ტიგრან ბალაიანმა განაცხადა, რომ „ელჩების დანიშვნისა და გამოწვევის პროცედურას კონსტიტუცია და შესაბამისი კანონი არეგულირებს, ყველა დანარჩენი კი მხოლოდ ჭორები, ხმები და ვარაუდებია“ (წყარო: http://arminfo.info/full_news.php?id=27170)
