„პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი გვიმტკიცებს, რომ რუსეთი ბუნებრივ გაზს შეღავათიან ფასებში გვაძლევსო და
თუ ვინმე უფრო იაფად შემოგვთავაზებს, მზად ვარ კონტრაქტს ხელი იმავწუთსვე მოვაწეროო. შეიძლება გვაძლევს კიდეც, მაგრამ შეღავათიანი პირობები რომ მოსახლეობაზე არ ვრცელდება?“- ამის შესახებ სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო მასალაშია საუბარი, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
სომხეთის მოსახლეობისათვის გაზი უფრო ძვირია, ვიდრე, ვთქვათ, მეზობელ საქართველოში. იგივე შეიძლება ითქვას ელექტროენერგიაზეც, რომლის წყაროები ჩვენთან უფრო დივერსიფიცირებულია, ვიდრე მეზობელთან - ქართველებს ხომ ატომური ელექტროსადგური არ აქვთ.
საქართველოში მოსახლეობას ბუნებრივ გაზს სამი კომპანია აწვდის: „ყაზტრანსგაზი“ - თბილისში, „სოკარი“ და „სოკარგაზი“ - რეგიონებში. თბილისში ერთი კუბმეტრი გაზი 46,1 თეთრი ღირს (დაახლოებით 90 დრამი), რაიონებში კი - 57 თეთრი (110 დრამი).
თბილისის მოსახლეობა 100 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიაში იხდის 0,11 ლარს (21,3 დრამს), რაიონებში - 0,12 ლარს (23,3 დრამს). ის მომხმარებელი, რომელიც 101-301 კილოვატსაათს ხარჯავს, იხდის 0,14 ლარს თბილისში და 0,16 ლარს - რაიონებში. 301 კილოვატსაათზე მეტი მოხმარებისას - შესაბამისად 0,18 და 0,21 ლარს.
ნაგვის გატანის ფასი თბილისში ანგარიშდება ერთ სულ მოსახლეზე 2,5 ლარი თვეში (ანუ დაახლოებით 486 დრამი). წყლის ტარიფი გამოითვლება ან სულადობით, ან კუბმეტრებით. ტარიფები ასეთია - 1 კუბმეტრი წყალი ღირს 0,26 ლარი (50 დარამი), ერთ სულზე გათვლით კი - 3,15 ლარი (610 დრამი).
საქართველოში ოთხსულიანი ოჯახი კომუნალურ მომსახურებაზე ზაფხულობით ხარჯავს დაახლოებით 50-100 ლარს (20 ათას დრამამდე), ზამთარში - 200-300 ლარს (40-60 ათასი დრამი).
სომხეთში ერთი კუბმეტრი გაზი ღირს 139 დრამი, ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებისთვის 100 დრამი. ელექტროენერგიის ტარიფი: დღისით 45 დრამი 1 კილოვატსაათზე, ღამით - 35. წყლის ტარიფი - ერთი კუბმეტრი ღირს 180 დრამი. ნაგვის გატანის ფასი გადაიხდება ერთ სულზე გაანგარიშებით - ყოველთვიურად 400 დრამამდე. ანუ როგორც ვხედავთ, საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება 30%-ით უფრო იაფია, ელექტრონერგიისა - 50%-ით, სასმელი წყლისა - 360%-ით.
სომხეთში საშუალო თვიური ხელფასი მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში იყო 190711 დრამი, საქართველოში - 980 ლარი. ანუ დაახლოებით იმდენივე, რამდენიც ჩვენთან.
დავუშვათ, ოთხსულიანმა ოჯახმა დახარჯა 200 კილოვატსაათი ელექტროენერგია, 50 კუბმეტრი გაზი და 20 კუბმეტრი წყალი. სომხეთში ასეთი ოჯახი გადაიხდიდა 20 ათას დრამს, საქართველოში კი - პირობითად 12500 დრამს. რასაკვირველია, ეს განსხვავება უფრო დიდი იქნება ზამთრის თვეებში. მაშ სად უფრო იაფია ცხოვრება?
წყარო: «Lragir»(სომხეთი)
