„simkr.ru“(რუსეთი): მიშიკო დაუოკებელი
„simkr.ru“(რუსეთი): მიშიკო დაუოკებელი
15:09 19.09.2017
„უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაგმული ნაბიჯები ძალიან ჰგავს რუსეთში მიხეილ ხოდორკოვსკის მოქმედებას: რუსეთის მოქალაქე მიხეილიც ქვეყნიდან იქნა გაძევებული, ისიც ფეხით გადმოვიდა რუსეთის საზღვარზე, იქაც ძალოვნები იყვნენ მობილიზებულნი (რუსეთის გვარდია), ხელისუფლებას არ სურდა მისი შემოშვება რუსეთის ტერიტორიაზე, მასაც მხარდამჭერები იყვნენ, სათათბიროს დეპუტატების ჩათვლით, იქაც შეხლა-შემოხლა მოხდა (ზოგს ტუჩი გაუსკდა, ხელი ეღძო), მაგრამ კორდონი მაინც გაარღვიეს. შემდეგ მიხეილი მიდის სანკტ-პეტერბურგში, სადაც ქალაქის მერს გიორგი პოლტავჩენკოს ხვდება და მასთნ ვახშმობს, რუსეთის ხელისუფლებას ბანდიტებს უწოდებს და იფიცება, რომ მხოლოდ რუსეტის ბედზე ფიქრობს, საკუთარი კი სულაც არ ადარდებს, ასევე აცხადებს, რომ მოივლის მთელ რუსეთს და მოსკოვშიც ჩავა... დაახლოებით იგივე გააკეთა უკრაინის მოქალაქე მიხეილმაც, იმ მცირე განსხვავებით, რომ მან ლვოვის მერთან ივახშმა“-ამის შესახებ რუსულ გამოცემა «Симбирский курьер»-ის მიერ სერგეი პოლენოვის ავტორობით გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია საუბარი, რომლის შემოკლებულ ვერსიას ქართულ ენაზე, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

პეტრო პოროშენკომ მეწვრილმანეობა გამოიჩინა, როცა მიხეილ სააკაშვილს ანკეტის შევსების სისწორეზე შეედავა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ახალი პატრონის - ბიძინა ივანიშვილის მითითებით აღიძრა. რაც აშკარად პოლიტიკურ დევნას ნიშნავს. ისეთი ბრალდებებზეა საუბარი, რომლებიც სასაცილოა. ბიძინა ივანიშვილი ამით მიხეილ სააკაშვილს ემუქრება და სამშობლოში დაბრუნების გზას უხშობს. არადა, საქართველო სწორედ ექს-პრეზიდენტის მიერ გატარებული რეფორმების შედეგებით ვითარდება, სწორედ ამ რეფორმებმა მიუახლოვა საქართველოს ევროპულ სტანდარტებს, ასოცირების ხელშეკრულებას და უვიზო რეჟიმს.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გაგდებით მისი მტრები, როგორც ჩანს, იმედოვნებდნენ, რომ მას პოლიტიკიდან (და, შესაძლოა, სააქაოდანაც) განდევნიდნენ, მაგრამ შეცდნენ. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური როგორც საქართველოსთვის, სადაც იგი დროებით არ ცხოვრობს, ისე უკრაინისთვის, რომელსაც ვერადავერ დაუხსნია თავი ოლიგარქიული და კურუფციული ბადისაგან. მიხეილ სააკაშვილი აქტუალური იქნება პოსტსაბჭოური სივრცისთვის და... დიახ, მოსკოვისთვისაც, სადაც სხვადასხვა ტელეარხების მიერ დადგმული პოლიტიკური შოუების მონაწილეები მიშიკოს დასცინიან, ტელეარხების ხელმძღვანელები კი ასეთი მოქმედებით თავიანთ პატრონების წინაშე თავს იწონებენ.
----------
«Симбирский курьер» - რუსეთის რეგიონული ოპოზიციური გაზეთი, იბეჭდება ქალაქ ულიანოვსკში. ტირაჟი - 55 ათასი ეგზემპლარი.


ბეჭდვა