«Sabah» (თურქეთი): ნატოს გალიიდან თურქეთის გამოფრენამ ალიანსი წყობილებიდან გამოიყვანა; ამერიკა, როგორც „დემოკრატიის ექსპორტიორი“, სინამდვილეში ქაოსის, ომებისა და გადატრიალებების მთესველია
«Sabah» (თურქეთი): ნატოს გალიიდან თურქეთის გამოფრენამ ალიანსი წყობილებიდან გამოიყვანა; ამერიკა, როგორც „დემოკრატიის ექსპორტიორი“, სინამდვილეში ქაოსის, ომებისა და გადატრიალებების მთესველია
10:55 18.09.2017
"თურქეთი ყველა მხრიდან ალყაშია, დასავლეთი ანკარას პერმანენტულად აკრიტიკებს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა - „პირდაპირ ჭკუიდან გადავიდნენ მას შემდეგ, რაც ჩვენ რუსეთთან ხელშეკრულება გავაფორმეთ „ს-400“ რაკეტების შესყიდვაზეო“. მართლაცდა როგორ არ გადავლენ ჭკუიდან: თურქეთი ხომ მესამე ქვეყანაა მსოფლიოში და პირველი ნატოს წევრი, რომელიც „ს-400“ სისტემის მრისხანე იარაღს ფლობს.
ანუ ჩრდილოატლანტიკისათვის დასიზმრებული ყველა კოშმარი უკვე რეალობა ხდება: ამ შეთანხმებაზე ხელმოწერა გარკვეული ეპოქის დასასრულს ნიშნავს. აბა, რა - ორი უძლიერესი და მნიშვნელოვანი მოთამაშე - რუსეთი და თურქეთი, რომლებიც 250 წლის განმავლობაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ კავკასიაში, ბალკანეთში, შუა აზიაში და ახლო აღმოსავლეთში, ახლა თავიანთ ძალისხმევას აერთიანებენ"-ამის შესახებ თურქულ გამოცემა «Sabah»-ის მიერ ბერჯან თუთარის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

ნუ დავივიწყებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გლობალური ჰეგემონია ჩვენს რეგიონში ადრე სწორედ რუსეთისა და თურქეთის კონფლიქტს ეფუძნებოდა, აზიაში კი - რუსეთსა და ჩინეთს შორის. ამჟამად ეს ძირითადი პარადიგმა რადიკალურად იცვლება. „შიშის ბალანსზე“ დაყრდნობილი ტრადიციული იმპერიული სტრატეგია ახლა უკვე წარსულს ბარდება. უფრო მეტიც - თურქეთ-რუსეთ-ჩინეთის ტრიომ ამერიკის გლობალური მითები სრულიად დაანგრია. „შავი გედის“ ფუნქციის შემსრულებელმა თურქეთმა გამოაშკარავა ამერიკული იდეების სიყალბე ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე. ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ ამერიკა, როგორც „დემოკრატიის ექსპორტიორი“, სინამდვილეში ქაოსის, ომებისა და გადატრიალებების მთესველია. რუსეთმა პენტაგონის უძლეველობის მითი დაამსხვრია საქართველოში, უკრაინასა და სირიაში, ხოლო ედვარდ სნოუდენის ირგვლივ ატეხილი სკანდალისა და თითქოსდა აშშ-ის არჩევნებში ვირტუალური ჩარევის ფონზე - „ცეერუს“ ნარატივი კიბერსამყაროზე. ჩინეთმა კი თავისი საწარმოო უპირატესობით აშშ-ის ეკონომიკური დომინაცია შემუსრა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წყობიდან ყველაზე მეტად იმან გამოიყვანა, რომ თურქეთის მისი „გალიიდან გამოფრინდა“. დღეს ატლანტელებს ძალიან სურთ თურქეთს, რუსეთს და ჩინეთს შორის ურთიერთობები დაიძაბოს. ამ მიზნით ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან გააჩინონ და გააღრმავონ ქაოსი იმ სახელმწიფოებში, რომლებიც „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე მდებარეობენ. ბრაზილიას, რომელიც ჩინეთთან და რუსეთთან ახლოს დგას, ატლანტელები „ჭკუას ასწავლიან“ „სასამართლო გადატრიალებით“, ვენესუელას კი - პოლიტიკური კრიზისით.

აშშ ცდილობს „საკონსტიტუციო გადატრიალება“ მოაწყოს ჩინეთისადმი მეგობრულად განწყობილ პაკისტანში, სამხრეთ კორეაში კი, ჩრდილო კორეის კრიზისის მომიზეზებით, პეკინის წინააღმდეგ მიმართული ანტირაკეტული დაცვის სისტემები განალაგა. არაკანაში (ბირმა) მომხდარი ტრაგედიის ჩარჩოებში აშშ ასევე ცდილობს ისლამური სამყარო ჩინეთის წინააღმდეგ განაწყოს - ეს იმის ანალოგიური მეთოდია, რომელიც ამერიკამ წარმატებით გამოიყენა ავღანეთში, რუსეთის წინააღმდეგ. გარდა ამისა, რუსეთთან მიმართებით აშშ ბოლო დროს ჩეჩნეთის პრობლემის „გაცხელებასაც“ ცდილობს, რათა უკრაინის გამო რევანში აიღოს.
საერთოდ, განა შეიძლება იმის დავიწყება, რომ 1945 წლიდან ამერიკამ მსოფლიოში 50-ზე მეტი მთავრობა დაამხო ოკუპაციისა და შიდა გადატრიალებების გზით? რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ვაშინგტონი არჩევნებში ერეოდა და ხელისუფლებაში თავისი „ძაღლიშვილები“ მოჰყავდა, იწვევდნენ სამოქალაქო ომებს და თავს არ იკავებდნენ აკრძალული იარაღის გამოყენებაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ბევრ არასასურველ უცხოელ ლიდერს თავს ესხმოდნენ და კლავდნენ. მაგრამ ყველა გეგმა, რომელიც თურქეთის მიმართ იხლართებოდა, სტამბოლის გეზის პარკში მომხდარი მოვლენების მომენტიდან, 2016 წლის 15 ივლისს თურქი ხალხის მტკიცე ნებამ დაამსხვრია.

ახლა ამერიკის „ცეერუ“, ისრაელის მეშვეობით, ერაყის ჩრდილოეთში „რეფერენდუმის“ მოწყობას ცდილობს. თავის მხრივ, პენტაგონს სურს „ტერორისტული დერეფნის პროექტის“ რეალიზება სირიის ჩრდილოეთში. ატლანტელებმა გერმანიას „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და ფეთულა გიულენის „ფეტოს“ ტერორისტული ორგანიზაციის დაცვის ფუნქცია მიანიჭეს. მაგრამ როცა აშკარა გახდა, რომ გერმანია გიულენს ვერ დაიცავდა, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მხოლოდ აშშ-ის სასამართლო გადაწყვეტს მის ექსტრადირების საკითხსო. ამის მიუხედავად, ისინი თურქეთის დაჩაგვრას მაინც ვერ მიაღწევენ და ყველა მათი მცდელობა თურქი ხალხის ურყევ ნებას შეეჯახება.

ბეჭდვა