რამდენიმე დღის წინ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს პოლონური გამოცემა «Rzeczpospolita» ჟურნალისტ ანჯეი ბელეცკის სტატიით ეხმაურება,
რომლის ქართულენოვან ვერსიას, მცირეოდენი შემოკლებით საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
პოლონეთის ხელმძღვანელებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საოცარმა ვოიაჟმა პოლონეთში და მის მიერ ჩვენი მხრიდან უკრაინის საზღვრის გარღვევამ შეიძლება ვარშავისა და კიევის დაპირისპირება ღია ფორმაში გადაიყვანოს.
მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩვენი მეზობლის - უკრაინის პრეზიდენტმა ჩამოართვა. არადა თავის დროზე ევროკავშირისაკენ გზა უკრაინას სწორედ პოლონეთმა გაუკვალა. კიდევ ერთ ჩვენს მოკავშირეს - საქართველოს თავის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა აქვს გამოცხადებული და უკრაინისაგან მის დაკავება-ექსტრადირებას ითხოვს. ამის მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ მას პოლონეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების ნება მისცა, ჩვენივე საინფორმაციო სააგენტო კი პრეს-კონფრენციის გამართვაში დაეხმარა. მართალია, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის რომელიმე მაღალჩინოსანს არ შეხვედრია, მაგრამ როგორც ჩვენი ევროპარლამენტარი იაცეკ საირუშ-ვოლსკი ამბობს, პოლონეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის მხარეს არიან. სწორედ მათი მითითებით გაუშვეს ჩვენმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მიმართულებით. რით დასრულდა ეს ყველაფერი? ქართველ-უკრაინელი პოლიტიკოსის მხარდამჭერებმა საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიაზე დემონტრაციულად გადაიყვანეს, რასაც სხვაგვარად ვერ შეაფასებ, თუ არა უკრაინის ხელისუფლების სამარცხვინო უსუსურობის გამოვლენას.
სხვათა შორის, ბოლო პერიოდში პოლონეთ-უკრაინის მოკავშირეობა კრიზისს განიცდის და ინგრევა.. ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინათ პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ პეტრო პოროშენკოს მკაცრად უსაყვედურა - რას აქებთ და ადიდებთ „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციასო“ (რომლის ლიდერი სტეპან ბანდერა იყო. სხვათა შორის, 1941-42 წლებში ბანდერელებმა ვოლინში, გერმანელების მიერ ოკუპირებულ პოლონეთის ტერიტორიაზე ათი ათასობით პოლონელი დახოცეს. პოლონეთის დღევანდელი ხელისუფლება ამ ფაქტს გენოციდად აფასებს - ს.კ.) ). პეტროს ძალიან სწყენია ასეთი საყვედური და სამაგიეროდ, თავის მხრივ, უარი უთქვამს „ვოლინის ხოცვა-ჟლეტის“ მსხვერპლთა საფლავების ექსგუმაციაზე, რითაც ხაზი გადაუსვა იმედს, რომ ჩვენი რთული ისტორიის საკითხების შესწავლის მიზნით რაიმე შეთანხმება დაიდება.
ძნელია იმის თქმა, რა სარგებლობას მიიღებს პოლონეთი მიხეილ სააკაშვილისათვის გაწეული მხარდაჭერით. ერთი რამ ცხადია: საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და უკრაინის ექს-პრემიერის კავშირი გვაფიქრებინებს ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გადამრჩენელი იქნება და რომ იგი უკრაინულ სახელმწიფოს კორუფციის სენისაგან იხსნის. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობის პრობლემების გაღრმავება სასიხარული იქნება ვლადიმერ პუტინისათვის.
-------
«Rzeczpospolita» - პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი ყოველდღიური გაზეთი, იბეჭდება ვარშავაში 1982 წლიდან. ტირაჟი - 160 ათასი ეგზემპლარი.
