„გაზეთში ამ სტატიის დაბეჭდვის მომენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ამბები ჯერ კიდევ გრძელდებოდა. ფაქტია, რომ იგი უკრაინაში დაბრუნდა, მაგრამ
როგორ განვითარდება მოვლენები, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძნელია. ერთში კი პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ სიტუაციამ პოლიტიკური ძალების განლაგებაზე გავლენა უკვე მოახდინა. ბევრმა გაიხსენა 2003 წლის მოვლენები, როცა არცთუისე ცნობილი ვიქტორ იუშენკო იმის გამო, რომ დონეცკში ხელისუფლებამ არ შეუშვა, იგი ეროვნულ ლიდერად გადაიქცა“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ ტატიანა ივჟენკოს ავტორობით გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
სტატიაში ქრონოლოგიურადაა განხილული ის მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ უკრაინის საზღვრის დარღვევას: მოქალაქეობის ჩამორთმევა, საქართველოს თხოვნა ექს-პრეზიდენტის დაკავებისა და ექსტრადიციის თაობაზე, მიხეილ სააკაშვილის განცხადება უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით... ჯერ ავტობუსით, შემდეგ მატარებლით უკრაინაში შესვლის მცდელობები...
„მიხეილ სააკაშვილი ცოლ-შვილთან ერთად იყო, მას გარს ეხვეოდნენ მხარდამჭერები და ჟურნალისტები. აქტიურობით გამოირჩეოდა იულია ტიმოშენკო, რომელიც მუდამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამხარ იდგა. რაც შეეხება პეტრო პოროშენკოს, იგი ანტიტერორისტული ოპერაციის ერთ-ერთ მონაწილეს - უკრაინის გმირ ევგენი მოჟევეკინს ეწვია, ახალი ბინის მიღება მიულოცა და მასთან ერთად „ნოვოსელიე“ და ტანკისტის დღე აღნიშნა. პრეზიდენტმა სურათიც გადაიღო ბავშვებთან და არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია საზღვარზე მიმდინარე მოვლენებისათვის.
ექსპერტების აზრით, პოლიტიკოსს, რომელიც ბოლო დრომდე უიღბლოდ მიიჩნევდნენ, სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირ კონკურენციას ვერ გაუწევდა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმ ვადით არ უცხოვრია, რომელიც პრეზიდენტის არჩევნებისთვისაა დადგენილი, თუმცა პრეზიდენტის გუნდმა ჩათვალა, რომ ვაითუ ექს-გებერნატორის აქტიურობა გაიზარდოსო და პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ურჩია - „ახლა ზაფხულია, ხალხი შვებულებებშია, აგარაკებზეა და ბოსტნის მოვლით არიან დაკავებულნი. შემოდგომისთვის კი ექს-გუბერნატორის მოქალაქეობა აღარავის არ გაახსენდებაო“.
მაგრამ სინამდვილეში პირიქით გამოვიდა. მოქალაქეობის ჩამორთმევით მასმედიის ყურადღება მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიისადმი გაიზარდა. იმ ხალხსის პარტიულ კუთვნილებას თუ შეხედავთ, რომლებიც საზღვარზე მიხეილ სააკაშვილს ხვდებოდნენ, იქ მხოლოდ ანტიკორუფციული მოძრაობისა და რამდენიმე წვრილი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ და ამიტომ მზად არიან ექს-გუბერნატორის პარტიას შეუერთდნენ. მაგრამ ყველაზე მთავავრი, ექსპერტების თქმით, ისაა, რომ არაა გამორიცხული მიხეილ სააკაშვილისა და იულია ტიმოშენკოს კავშირი. უკრაინის ყოფილი პრემიერი და მისი პარტია „ბატკივშჩინა“, გამოკითხვების თანახმად, დღეს პოპულარულია და, პოლიტიკური რეიტინგის მიხედვით, ლიდერის როლს ასრულებს.
„ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტს ერთ-ერთმა უკრაინელმა ექსპერტმა სიტუაციის განვითარების სცენარი აუხსნა: „იულია ტიმოშენკოს პრეზიდენტობა სურს, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი იქნება, თუმცა ამისათვის აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი პარტიის გაყვანა და მმართველი კოალიციის შექმნა. დღემდე ეს ამოცანა შეუსრულებელი ჩანდა, ახლა კი ხელისუფლება ოპოზიციას მიზნის მიღწევაში ეხმარება“.
-------
მიხეილ სააკაშვილის თემა სხვა რუსულ გაზეთებშიც ფიგურირებს. «КоммерсантЪ»-ში გამოქვეყნებულია სტატია „მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გაარღვია“ (ავტორები - კირილ კრივოშეევი და იანინა სოკოლოვსკაია), რომელშიც დეტალურადაა გადმოცემული გუშინ, 10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან განვითარებული მოვლენები, ციტირებულია იმ დეპუტატების გამონათქვამები, რომლებიც თან ახლდნენ მიხეილ სააკაშვილს.
ახლა თავისი სიტყვა უნდა თქვას უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ: თბილისი მოთხოვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი სულ მალე უნდა დააპატიმრონ და უკრაინიდან საქართველოში გაგზავნონ - ანუ მოხდეს მისი ექსტრადირება“, - ამბობს „კომერსანტის“ კორესპონდენტთან უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინკოგნიტო წარმომადგენელი. მისი თქმით, კიევში საქართველოს ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იქნება აღძრული საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო რამდენიმე პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით“ (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/3407715).
