სომხური გამოცემა «Lragir»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კომენტირებულია ბაქოში გამართული აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრების - ელმარ მამედიაროვის, მევლიუთ ჩავუშოღლუსა და მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა და ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ აკოფ ბადალიანის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:
„ბრიფინგზე მევლიუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეის სხდომაზე სამივე ქვეყანა ერთიანი პოზიციით გამოვა - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, ტერიტორიული მთლიანობის ჩარჩოებშიო.
თურქი მინისტრის განცხადებამ შეიძლება სომხეთში ანტიქართული განწყობა და რეაქცია გამოიწვიოს. როგორც ჩანს, მევლიუთ ჩავუშოღლუმ განცხადება სწორედ ამ მიზნით გააკეთა. აშკარაა, რომ საქართველოსთან აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის ერთ-ერთ მიზანს სომხურ-ქართული ურთიერთობების ტორპედირება წარმოადგენს. ბაქოსა და ანკარის ძალისხმევა ამ მიმართულებით სულ უფრო აშკარა ხდება. ორივე ცდილობს საერთო მიზნის მისაღწევად საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური წრეებთან კავშირი ჰქონდეთ. საბედნიეროდ, ასეთი წრეები ჯერ-ჯერობით მხოლოდ მარგინალურები და მცირერიცხოვანები არიან - ერთ-ერთმა ასეთმა ორგანიზაციამ ამას წინათ საპროტესტო აქციაც გამართა „სომხური ექსპანსიის“ წინააღმდეგ. პერიოდულად თამაშდება ხოლმე რუსული კოზირებიც, რომელთა მიხედვით, თითქოსდა სომხეთი სავარაუდო პლაცდარმს წარმოადგენს საქართველოზე რუსეთის ასევე სავარაუდო დარტყმისათვის. თურქეთ-აზერბაიჯანის ასეთი პოლიტიკისადმი, თავის მხრივ, ინტერესს ავლენს რუსეთიც, რომელიც სომხურ-ქართული ურთიერთობების სავარაუდო დაახლოებას გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს. მაგრამ საქმე მხოლოდ სომხურ-ქართულ ურთიერთობებში კი არ არის, არამედ საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციაში, რომლის წყალობით თბილისი კავკასიაში ნატოსათვის მოსახერხებელი პლაცდარმი ხდება.
ნატო სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების სისტემაში ინსტიტუციონალურად უპირველესად საქართველოს დახმარებით მკვიდრდება. თურქეთი, რომელიც თვითონაა ნატოს წევრი, აგრეთვე აზერბაიჯანი და რუსეთი საქართველოს მცდელობას გამოწვევად აღიქვამენ. სომხეთისათვის კი პროდასავლურ საქართველოსთან ურთიერთობა მისი უსაფრთხოების დივერსიფიცირებისა და ტრანსფორმაციის შესაძლებლობას წარმოადგენს. რასაკვირველია, არცახის ომის შედეგად რეგიონში ახალი სტატუს-ქვო ჩამოყალიბდა, მაგრამ საქართველოში ნატოს ინსტიტუციონალური ყოფნა იმასაც ნიშნავს, რომ სომხეთი თავის უსაფრთხოებას უფრო მეტად მტკიცე მექანიზმებით უზრუნველყოფს. და რომ ეს არ იქნას დაშვებული, ბაქო და ანკარა სომხურ-ქართულ ურთიერთობას ურტყამენ.
სომხურ-ქართული ურთიერთობა უღრუბლო არასოდეს ყოფილა, პრობლემები ორივე მხარისათვის იყო და არის. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს პოლიტიკა თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთისთვის ბევრ კითხვას იწვევს. ასევე საქართველოსაც უჩნდება ეჭვები სომხეთის პოლიტიკის მიმართ.
მაგრამ იმავდროულად ისიც აშკარაა, რომ ერევანსა და თბილისს შორის მდუმარე ურთიერთგაგება და თანხმობა არსებობს იმაში, რომ სიტუატიურმა საკითხებმა სტრატეგიულ ურთიერთობებზე გავლენა არ უნდა მოახდინონ. და რა იგულისხმება სტრატეგიაში? ესაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება და ნატოს კიდევ უფრო მტკიცედ დამკვიდრება კავკასიაში.
