რუსულ გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტას" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოში შექმნილი სიტუაცია ბოლო დროს გაჩენილ ტყის ხაძრებთან
დაკავშირებით: „სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ ზუსტად დათვლილი არაა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ასეულობით ჰექტარი ტყეა განადგურებული. ხანძრების სიხშირე და მათი გეოგრაფია პროვოცირებს მითქმა-მოთქმას, რომ ეს დივერსიაა და მასში რუსეთის ხელი ურევია“, - ნათქვამია იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.
პუბლიკაციაში, რომელშიც საქართველოში აგვისტოს თვეში გაჩენილი ტყის ხანძრების ჩაქრობასთან დაკავშირებული მოვლენებია მიმოხილული (მათ შორის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ირონიული გამონათქვამებიც, თურქეთ-ირანის დახმარების გამო), ნათქვამია, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდირების პროცესში პოლიტიკაც ჩაერთო: ოპოზიციამ ხანძრების ქრობის სირთულეები თავის სასარგებლოდ გამოიყენა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ცეცხლთან ტოტალური ბრძოლა საქართველოში საარჩევნო კამპანიის პერიოდს დაემთხვა. ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჰოდა, ხანძრების თემაც პოლიტიკური შეფერილობით კომენტირდება: ოპოზიციური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას არაეფექტურ მოქმედებასა და ბუნებრივი კატაკლიზმებისთვის გამოყოფილი სახსრების განიავებაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, სულ უფრო ხშირად გაისმის ხმები, რომ ხანძრების გაჩენაში რუსეთის კვალი ჩანსო: აბა, საქართველოს სხვა მტერი არ ჰყავს, ტყეები კი საეჭვოდ ხშირად და ძალიან ბევრი იწვისო. „ნაცმოძრაობის“ ანახეთქმა პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“ კი სამიზნედ ბიძინა ივანიშვილი ამოირჩია - მას ბევრი ვერტმფრენი აქვს და არცერთს არ იყენებს ხანძრების ჩასაქრობად მაშინ, როცა სხვებს ვთხოვთ დახმარებასო...
რაც შეეხება დივერსია-დივერსანტებს: თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ჩაფიქრებულმა განაცხადა - მართლაც იმდენი ხანძარი ხდება, რომ დივერსიაზე აზრები არ შეიძლება არ გაჩენილიყოო. მართალია წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა არ დააკონკრეტა და დასძინა, რომ ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გასაკეთებლად მტკიცებულებები არ არის. ხანძრის სპეციალურად გაჩაღების ვერსიას არც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არ გამორიცხავს. მან აღნიშნა, რომ ყველაფერი დერტალურად იქნება გამოძიებული.
არადა, „ნაციონელების“ მიერ გავრცელებული ვერსია რუსეთის მისამართით საექსპერტო წრეებშიც დომინირებს. კერძოდ, სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთ.რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ საქართველოს ტყეებში ხანძრები შეიძლება დრონების (მცირე უპილოტო საფრენის აპარატის) მეშვეობით იყოს გაჩენილი. „დრონებს ღამით ვერ შეამჩნევ, მით უმეტეს მინიკვადროკოპტერებს, რომელთა მეშვეობით დივერსიული „ბომბების“ ჩამოყრა ადვილი ხდება. დრონების დაფიქსირება მძლავრი რადიოლოკაციური კონტროლის პირობებშიც კი ხშირად შეუძლებელია“, - აღნიშნავს ავტორი. მისი აზრით, რუსული დრონებს ბორჯომის ხეობაში ცხინვალის რეგიონიდან შემოფრენა და თერმიტული გრანატების ჩამოყრა შეეძლოთ ისე, რომ კვალიც არ დაეტოვებინათ, ამავე დროს ირაკლი ალადაშვილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ცეცხლი კვადროკოპტერების მეშვეობით ე.წ. „ტურისტების“ მიერაც იქნა გაჩენილი.
