თურქეთი ჭოროხზე ახალ ჰესს აშენებს, რომლის კაშხალი სიმაღლით მსოფლიოში მესამე იქნება ჰიუვანისა და ენგურის შემდეგ
თურქეთი ჭოროხზე ახალ ჰესს აშენებს, რომლის კაშხალი სიმაღლით მსოფლიოში მესამე იქნება ჰიუვანისა და ენგურის შემდეგ
09:34 06.09.2017
დაახლოებით ოთხი მილიონი ტონა ბეტონი ჩაისხმება იუსუფელთან ახლოს მდებარე კაშხალში (დამბაში), რომელიც თურქეთის შავიზღვისპირა ართვინის პროვინციაში შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს კაშხალი ყველაზე მაღალი იქნება თურქეთში არსებულ მსგავს ნაგებობებს შორის. „ბეტონის მოცულობა, რომელიც კაშხლის კონსტრუქციაში ჩაისხმება, იმდენია, რაც 50 ათასი შენობის აგებას ჭირდება“, - განაცხადა თურქეთის სატყეო მეურნეობისა და წყლის რესურსების მინისტრმა ვეისელ ეროღლუმ მდ.ჭოროხზე მიმდინარე მშენებლობის კომენტირებისას.

„როგორც კი მშენებლობა დასრულდება, იუსუფელის დამბა თურქეთში ყველაზე მაღალი იქნება - 270 მეტრი, ანუ მსოფლიოში მესამე. პირველი ჩინეთშია [ჰიუვანის 292 მეტრიანი კაშხალი], მეორე კი საქართველოში [ენგურზე, 272 მეტრიანი], - დასძინა მინისტრმა. მისივე თქმით, 4 მლნ. კუბური მეტრის მოცულობის ბეტონით 2500 ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება შეიძლება, ყოველ სართულზე 150 კვადრატული მეტრი ბინის ფართობით.

„ჩვენ კაშხლები ავაშენეთ მურატლში, ბორჩხაში... ისინი, ჭოროხზე აგებული დერინერის ჰიდროელექტროსდგურთან ერთად, ჩვენი ხალხის სამსახურში ჩადგნენ. დღეს კი თურქეთის ყველაზე დაუმორჩილებელ მდინარეს ახალ არტახებში ვკრავთ“, - განაცხადა ვეისელ ეროღლუმ.

მინისტრის თქმით, როგორც კი იუსუფელის ჰესი ექსპლოატაციაში შევა, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით 650 ათასამდე ადამიანი იქნება უზრუნველყოფილი. ჰესის საპროექტო სიმძლავრე 540 მეგავატს შეადგენს, წელიწადში 1 827 000 000 კილოვატ/საათის გამომუშავებით. იუსუფელის ჰესი მასზე დახარჯულ თანხას შვიდ წელიწადში გამოისყიდის და ქვეყნის ეკონომიკას 450 მილიონი თურქული ლირის მოგებას მოუტანს.



ბეჭდვა