ბელორუსის ტელევიზია: მინსკში „თბილისობის“ დღესასწაულზე სტუმრების რეკორდული რაოდენობა შეიკრიბა
ბელორუსის ტელევიზია: მინსკში „თბილისობის“ დღესასწაულზე სტუმრების რეკორდული რაოდენობა შეიკრიბა
08:56 06.09.2017
ვრცელ ვიდეოსიუჟეტში, რომელიც მინსკის ტელეარხ „Столичное телевидение»-ს ეთერში გადაიცა (პროგრამა „24 საათი“, 19.30), მიმოხილულია ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს და საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა და მოლაპარაკება (ავტორი - ევგენი გორინი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სიუჟეტის რეზიუმეს:
„ალექსანდრე ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ ბელარუსი ყოველთვის მზადაა დაეხმაროს საქართველოს მძიმე წუთებში - ისე, როგორც ეს იყო სულ ახლახანს, როცა ჩვენი მაშველები ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარს აქრობდნენ, ხოლო ის, რომ მინსკში ამას წინათ გამართულმა „თბილისობის“ დღესასწაულზე სტუმრების რეკორდული რაოდენობა შეიკრიბა, იმაზე მეტყველებს, თუ როგორ არიან დაინტერესებული ბელორუსები ქართული კულტურით.
საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადრე ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა და მსხვილი ბიზნეს-პროექტების განხორციელებით იყო დაკავებული. იგი გრენობლის (ავსტრია) უმაღლესი ბიზნეს-სკოლის კურსდამთავრებულია და დღეს საგარეო ვაჭრობასა და სავაჭრო კავშირების განვითარებასაც კურირებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტი: „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ერთად ვიმუშაოთ. თქვენ, ქართველები, ჩვენთვის უცხო ხალხი არ ხართ. თქვენ ჩვენი ძმები ხართ, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან და უფრო ადრეც. ჩვენი ურთიერთობის ხასიათი იმისკენ გვიბიძგებს, რომ ქართველ ხალხთან მეგობრობა უფრო გავაღრმავოთ. დიდება უფალს, რომ ბოლო დროს ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო მტკიცე ხდება. რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ვიცი, რომ ჩვენი კავშირების კოორდინირება ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით ხორციელდება. ჩვენ ერთმანეთთან პრაქტიკულად არ გვაქვს სადაო საკითხები. ჩვენ გვჭირდება საქართველო, საქართველოს კი ბელარუსი. ჩვენი ეკონომიკები ერთმანეთთან არ კონკურირებენ“.

მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ იმით, რომ საქართველოს და ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ვითარდება, იზრდება საქონელთბრუნვა, ჩნდება ახალი ერთობლივი საწარმოები. მოხარულნი ვართ იმ გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარებისა, რომლებიც ორივე მხარეს აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკები, რომლებიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ კომპლიმენტარულებია და სარგებლობას მოუტანენ ორივე ქვეყანას“.

2016 წლის აგვისტოში თბილისში ბელარუსის საელჩო გაიხსნა, მანამდე ერთი წლით ადრე კი საქართველოში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი გაიმართა, რომელმაც ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ახალი იმპულსი მისცა - საქონელთბრუნვა ნახევარზე მეტად გაიზარდა. შესაბამისად, იმატა ბელარუსული პროდუქციის ექსპორტმა საქართველოში. 2017 წელს მინსკში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი კიდევ ერთი სიგნალია ჩვენი ქვეყნების საქმიანი წრეებისათვის.

ევგენი გორინი, ტელეჟურნალისტი: საქართველოში ბელარუსული კომპანიების დაახლოებით 15 წარმომადგენლობა არსებობს, ჩვენთან კი 19 კომპანია, რომელშიც ქართული კაპიტალია ჩადებული. ბოლო დროს ბიზნეს-კონტქატები ძალიან აქტიურად ვითარდება“.

4 სექტემბერს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ მოლაპარაკებაზე მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების ახალ მიმართულებებზე იმსჯელეს. უპირველესად კი იმ დარგებში, სადაც უკვე პოტენციალი ჩანს.

ვლადიმერ მაკეი, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი: „2017 წლის აგვისტოში ჩვენი კომპანია „მოგილევლიფტმაშ“-ის მონაწილეობით, თბილისში შეიქმნა კონსორციუმი „ქართული ლიფტი“, რომლის ჩარჩოებში ბელორუსული წარმოების ლიფტების აწყობა-გამოშვება იგეგმება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მაგალითს სხვა ქართული და ბელორუსული საწარმოებიც მიბაძავენ“.

ბელარუსის პარლამენტში მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობის კურსი ეუთოში, პარლამენტთაშორისო კავშირში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ქართველი დეპუტატები ჩვენთან ვიზიტისათვის ემზადებიან - ასე რომ, კანონმდებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოილაპარაკონ იმ საკითხების რეალიზებაზე, რათა ორივე მხარის ბიზნესმენებმა ერთმანეთთან თავისუფლად მიმოსვლა შეძლონ. დიდი ყურადღება დაეთმობა აგრეთვე რეგიონთაშორისო თანამშრომლობას: ამ თვალსაზრისით ფესტივალი „თბილისობა“, რომელიც სამ სექტემბერს მინსკში უკვე მესამედ ჩატარდა, კარგი მაგალითია. რაც შეეხება ტურიზმს: 2017 წლის [აგვისტოს] მდგომარეობით, ბელარუსის მოქალაქეები ერთი მესამედით მეტნი ჩავიდნენ საქართველოში, ვიდრე 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სხვათა შორის, 4 სექტემბერს საქართველოს დელეგაციამ მადლობა გადაგვიხადა ბელორუსებს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში გაწეული დახმარებისათვის. გარდა ამისა, მოლაპარაკების დაწყებამდე ქართველებმა პატივი მიაგეს დიდ სამამულო ომში მილიონობით დაღუპული ადამიანების ხსოვნას. ქართველებისა და ბელარუსების ურთიერთობის განმტკიცების კიდევ ერთი დადასტურება იქნება ბელარუსის დღეები საქართველოში, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება.



http://www.ctv.by/novosti-minska-i-minskoy-oblasti/u-nas-prakticheski-net-voprosov-po-kotorym-my-by-sporili-aleksandr


ბეჭდვა