«Il Fatto Quotidiano» (იტალია): თბილისი-სასწაულებრივი ქალაქი; რა რთული უნდა იყოს ქართველი მომვლელებისთვის ამ მშვენიერი ქვეყნის დატოვება და ნევროზიანების ქვეყანაში-იტალიაში წასვლა
«Il Fatto Quotidiano» (იტალია): თბილისი-სასწაულებრივი ქალაქი; რა რთული უნდა იყოს ქართველი მომვლელებისთვის ამ მშვენიერი ქვეყნის დატოვება და ნევროზიანების ქვეყანაში-იტალიაში წასვლა
11:05 04.09.2017
"ვინ იფიქრებდა, რომ თბილისი ასეთი მშვენიერი იქნებოდა? საოცრად ლამაზი ქალაქია"-ასე იწყება იტალიურ გამოცემა «Il Fatto Quotidiano»-ს მიერ ფრანჩესკა ბორის ავტორობით მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

საერთოდ რა ვიცოდი საქართველოზე? ფაქტიურად, ძალიან ცოტა: მაგალითად, ჩვენ, იტალიელებმა ვიცით და გაგვიგია „ქართველი ძიძები“, მაგრამ მეტი თითქმის არაფერი. მე თვითონაც საქართველოში შემთხვევით ჩამოვედი, საზღვრის გადაღმა - თურქეთში ვიყავი და სანამ სირიაში სარედაქციო მივლინებით წავიდოდი, ორიოდე დღით დასვენება მჭირდებოდა.

დიახ, თბილისი მართლაც სასწაულებრივი ქალაქია. და არა მხოლოდ როგორც ქალაქი... ის ზღაპრულია, კლდეებში შეჭრილი... აქ ძალიან ბევრია სხვადასხფერის ვერანდიანი სახლები, ხის საოცრად ლამაზი ჩუქურთმებიანი აივნებით, რიკულებით, ჭკუიდან შემშლელი მიწისქვეშა სამკურნალო აბანოებით. ქალაქგარეთაც ბევრი ღირსშესანიშნაობას ნახავთ, მაგრამ მე ახლა ქართველების, თბილისელების ხასიათის ყველაზე მთავარ გამოვლინებაზე - თავაზიანობაზე მინდა გესაუბროთ. რასაკვირველია, ეს ყველა ხალხს ახასიათებს, გაზეთებშიც ბევრს წერენ, მაგრამ არსად ისე ვლინდება, როგორც თბილისში - აქაური თავაზიანობა თქვენს ცნობიერებაში პირდაპირ გადატრიალებას ახდენს.

თავაზიანობაში მე სტუმართმოყვარეობას არ ვგულისხმობ, არამედ, ზრდილობიანობას, იმ მოხდენილ და ლაზათიან მანერებს, იმ ტაქტს, რომლებიც ამ უძველეს ხალხს ახასიათებს. ყველაზე მეტად ესაა გასაოცარი. Lonely Planet-იც ამას გვამცნობს, მაგრამ რაც იქაა გადმოცემული, ის უფრო სტუმართმოყვარეობას ეხება, თბილისში ყოფნისას კი სულ სხვა გრძნობას განიცდი - თითქოსდა თქვენ ინგლისის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შორის მოხვდით. თავაზიანობა ყველგან, თვით წვრილმანებშიც კი შესამჩნევია: მაგალითად, თქვენ ეკითხებით თბილისელებს, როგორ გავიდე რომელიღაც ქუჩაო, ისინი კი არა მხოლოდ მიგასწავლიან, არამედ გაგაცილებენ კიდეც, გზაში ატამს გიყიდიან, ცხელ ყავას და ცივ ლიმონათს შემოგთავაზებენ... ანდა კიდევ, თუ რაღაც ნივთის ყიდვის დროს ხურდის აღება დაგავიწყდათ, გამყიდველი მთელ კვარტალში მოგძებნით და მონეტებს დაგიბრუნებთ...

ტაქსისტებიც კი, რომლებიც, როგორც წესი, რიგ ქვეყნებში, მაგალითად, უგანდაში, ჟურნალისტებისთვის კოშმარულ შთაბეჭდილებას ტოვებენ (მათ ხომ არც ტაქსომეტრები აქვთ და არც ნავიგატორები, ისინი მუდმივად ვერ აგნებენ ქუჩებს, შემდეგ კი, როცა ორი საათის განმავლობაში მთელ ქალაქს მოგატარებენ, სადღაც გააჩერებენ მანქანას და 500 დოლარს მოგთხოვენ), საქართველოში სხვანაირები არიან. დიახ, არც მათ არ აქვთ არც ტაქსომეტრები და არც ნავიგატორები, ისინიც ხანდახან ვერ აგნებენ ქუჩებს, აეროპორტიდან ტაქსისტმა მე მართლაც ორი საათი მატარა ქალაქში, ბოლოს კი მან მანქანა თბილისის მთავარ მოედანზე გააჩერა და ათასჯერ მომიბოდიშა, ყავა შემომთავაზა, გზის ფული არ აიღო და თავის ნაცნობი ტაქსისტი იპოვა, რომელმაც მარშრუტი კარგად იცოდა და ჩემს მაგივრად ფული თვითონ გადაიხადა. რა თქმა უნდა, საქართველოსაც ჰყავს თავისი „ტარაკანები“, აქვს თავისი პრობლემები, მაგრამ ისინი საკუთარ პრობლემებს სხვებს არ აბრალებენ და პირველივე შემხვედრებთან გინებით გულს არ იოხებენ.

და როცა რამდენიმე დღე გავა, როცა რწმუნდები, რომ ის ტაქსისტი შემთხვევითობა კი არ იყო, რაღაც სასიამოვნო გრძნობა გეუფლება, სიმშვიდე... უკვე აღარაა საჭირო მუდმივად აქეთ-იქით ყურება, ვინმემ რაიმე არ მომტაცოსო. უკვე გრძნობ, რომ ჯუნგლებში არ ხარ. იმდენად მიეჩვიე თბილისურ წყნარ სიტუაციას, რომ არანაირ საფრთხეს აღარ გრძნობ.

ამ სტატიას ერთ-ერთ მშვენიერ კაფეში ვწერ, სახელად „ლინვილში“. პარალელურად კი თვალს ვადევნებ კომენტარებს ჩემს სტატიებზე სირიელი ლტოლვილების შესახებ... ვფიქრობ ქართველ მომვლელ ქალებზეც: როგორი რთული და მძიმე უნდა ყოფილიყო მათთვის ამ მშვენიერი ქვეყნის დატოვება და იტალიაში - ნევროზიანების ქვეყანაში წასვლა...




http://www.ilfattoquotidiano.it/2017/08/10/tbilisi-e-meravigliosa/3787482/


ბეჭდვა