"აზერბაიჯანმა კურსი ტურიზმის განვითარებისაკენ აიღო. ტურიზმი ერთ-ერთი ისეთი დარგია, რომელსაც ქვეყნის ნავთობის დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება შეუძლია.
რა თქმა უნდა, ბოლო დროს გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ მეზობელ საქართველოს დონემდე ჯერ საკმაოდ ბევრი გვიკლია. რასთან არის დაკავშირებული მათი მიღწევები და იმის ნაცვლად, რომ სამშობლოში დაისვენონ, რატომ ირჩევენ ჩვენი თანამემამულეები საქართველოში დასვენებას? და საერთოდ, რატომ ირჩევენ საქართველოს მილიონობით ტურისტი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან?"-ამ კითხვაზე აზერბაიჯანულ გამოცემა "Эхо"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი საბინა ლიევა სვამს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
ფაქტორი პირველი - იაფი და კარგი
მოდით, პირდაპირ და დაუფარავად ვთქვათ: თბილისი მაინცდამაინც მდიდრული ქალაქი არ არის, იქ თანამედროვე ძვირადღირებული სასტუმროები პრაქტიკულად არ არის. თბილისი საკმაოდ მოკრძალებულია, შიგადაშიგ მინგრეულ-მონგრეულიც, ბევრი ავარიული შენობით, ძველი და მოუვლელი ქუჩა-ბანდებით, მაგრამ რატომღაც ქალაქი მაინც მაგნიტივით იზიდავს ჩვენებსაც და უცხოელებსაც. თუმცაღა, აუხსნელ მიზიდულობასთან ერთად, არსებობს უფრო პროზაული მიზეზები, რის გამოც ტურისტები თბილისში ყოველწლიურად ბრუნდებიან: იაფი ფასები საცხოვრებლად, ქართული რესტორნების იაფი პრეისკურანტი კერძების დიდი რაოდენობით, რომელსაც ჩვენებური რესტორნები ვერ შეედრება (შინაურები ტყავს გვაძრობენ!). საქართველოში მომსახურებაც მაღალ დონეზეა, რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანზე.
საქართველოს შავი ზღვა აქვს, სუბტროპიკული ბათუმით.. აზერბაიჯანს - კასპიის ზღვა, სუბტროპიკული ლენქორანით... მაგრამ ჩვენი ტურისტები მაინც ცხრა მთას იქით მდებარე ბათუმში მიდიან. მიზეზი ბანალურია: საქართველოში შეიძლება უფრო იაფად დაისვენო, ვიდრე ჩვენთან. კი, ჩვენც გვაქვს ორიოდე მშვენიერი სასტუმრო, მაგრამ ფანტასტიკური ფასებით.
ფაქტორი მეორე - გზები
დიახ, გზები. ცხადია, რომ ჩვენთან ძირითადი ავტომაგისტრალები რემონტდება, მაგრამ შიდა გზები - ნურას უკაცრავად. საქართველოში კი ყოველ ისტორიულ ძეგლამდე თავისუფლად მისვლა შეიძლება, ჩვენთან კი ძირითადად ხრეში ყრია, რითაც ავტომობილს შეიძლება ძირი გაეხვრიტოს. მთები და ტყეები ჩვენთანაც, ასე თუ ისე, არის, მაგრამ თუ რაიმეს დათვალიერებას მოისურვებ, ყველაფერში ფული უნდა გადაიხადო. აჭარის მთებში, ქედასა და მახუნცეთში მშვენიერი გზატკეცილით მიხვალთ, დატკბებით ბუნებით, მოშიებული კარგადაც დაიოკებ შიმშილს და სახლში ნასიამოვნები დაბრუნდები.
აზერბაიჯანსა და საქართველოს ტურისტულ დარგში სიტუაციის გაანალიზებისა და მათი შედარებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ დარგის ნელი განვითარებისათვის ყველაფერს აკეთებს. სხვანაირად არსებულ სიტუაციას ვერ ახსნი. თვითონ განსაჯეთ: სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს 2016 წელს რეკორდული რაოდენობის რუსეთის მოქალაქე ეწვია - მილიონ 36 ათასი, რაც 12%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. თანაც შენარჩუნებულია ტურისტული ნაკადის ზრდის პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებიდან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან, ჩინეთიდან... საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოში თითქმის ექვსმილიონნახევარი უცხოელი ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა 2015 წელთან შედარებით 7,6%-ით მეტია. რუსებს თავი დავანებოთ (მათ საქართველოში ჩასვლით მხოლოდ მე-4 ადგილი უკავიათ) და აზერბაიჯანელებს შევხედოთ: I ადგილი საქართველოში ვიზიტებით - 1, 5 მილიონი (9%-იანი ზრდა), მეორეზეა სომხეთი 1,4 მილიონი (1,9%-იანი ზრდა), მესამეზე - თურქეთი 1,2 მლნ-ით (შემცირდა 9,9%-ით), შემდეგ უკრაინა - 172 ათასი ვიზიტორი (21%-იანი ზრდა).
რაც შეეხება აზერბაიჯანს: ჩვენს ქვეყანას 2016 წელს 2 მილიონ 248 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვია (12%-იანი ზრდა 2015 წელთან შედარებით). როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი ტურისტი ჩვენთან მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვიდა (რუსეთიდან - 33%, საქართველოდან - 22%, თურქეთიდან - 14%, ირანიდან 11%. გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ერაყიდან (30-ჯერ), ემირატებიდან (22-ჯერ)... მაგრამ 16%-ით შემცირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან.
მოკლედ, ტურისტების მიზიდვის ჭიდილში, ჯერ-ჯერობით საქართველოსთან აშკარად ვაგებთ - თითქმის სამჯერ ნაკლები ტურისტი გვეწვია, რაც საკმაოდ სერიოზული ციფრია, თუმცა ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომით სიტუაციის გამოსწორება შეიძლება.. პირველ რიგში უნდა მივხედოთ რეგიონების ტურისტულ ინფრასტრუქტურას, თორემ ბაქოში მდებარე „ქალწულის კოშკით“ და ცნობილი Flame Towers-ით უკვე ვერავის ვეღარ გავაკვირვებთ. რაც მთავარია, ტურისტებს ჩვენი ღირსშესანიშნაობები ლამაზად და საქმის ცოდნით უნდა შევთავაზოთ, დავაინტერესოთ, ცნობისმოყვარეობა აღვუძრათ. სანამ ამას არ გავაკეთებთ, მანამდე ტურისტთა მწკრივი მხოლოდ საქართველოსკენ იქნება მიმართული, რომელიც, უცხოელებთან ერთად, ჩვენებსაც ხიბლავს, სადაც ჩვენსავით სილამაზეა, სიწყნარეა და რაც მთავარია, სიიაფეა, ჩვენგან განსხვავებით.
http://ru.echo.az/?p=62231&utm_source=feedburner&utm_medium=email&utm_campaign=Feed%3A+echo%2FWYxU+%28%D0%AD%D0%A5%D0%9E%29
