«Hurriyet Daily News»(თურქეთი): თურქ ტურისტებს საქართველო "ჯერ არ აღმოუჩენიათ", მათთვის ყველაზე პოპულარული მიმართულება საბერძნეთია
«Hurriyet Daily News»(თურქეთი): თურქ ტურისტებს საქართველო "ჯერ არ აღმოუჩენიათ", მათთვის ყველაზე პოპულარული მიმართულება საბერძნეთია
09:57 31.08.2017
თურქულ გამოცემა «Hurriyet Daily News»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებული თურქული ტურიზმის მდგომარეობა, ყურადღება ეთმობა აგრეთვე თურქი ტურისტების მოგზაურობას უცხოეთის ქვეყნებში. განხილულია საბერძნეთის, ბალკანეთის (სერბეთი, ხორვატეთი), ჩრდ.კვიპროსის, ტუნისის მიმართულების პოზიტიური და ნეგატიური მხარეები (ავტორი - ბარჩინ ინანჩი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ თურქების ყველაზე მეტი რაოდენობა სამოგზაუროდ საბერძნეთს ირჩევს, რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებს: გეოგრაფიული სიახლოვე, ისტორიული ტრადიციები (საბერძნეთში ბევრი ოსმანური კულტურის ძეგლია), მომსახურების მაღალი დონე, თუმცა არის ნეგატივიც - ფასების ზრდა, ინფლაცია და ა.შ.

სტატიაში საქართველოს შესახებაც არის საუბარი - რით შეიძლება მოხიბლოს და მიიზიდოს საქართველომ თურქი ტურისტები?

„ჩვენს აღმოსავლეთით მდებარე საქართველო ელოდება, რომ მას თურქი ტურისტები „აღმოაჩენენ“. თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა ეროვნული პირადობის მოწმობებით შეუძლიათ. ზოგიერთი შეცდომით მიიჩნევს, რომ ეს წესი მხოლოდ ზოგიერთ სასაზღვრო პუნქტში მოქმედებსო. სტამბოლიდან თბილისში თვითმფრინავით ერთ საათში ჩახვალთ. საქართველო ლამაზი ქვეყანაა, განსაკუთრებით მიმზიდველია ქალაქგარე რაიონების, სოფლების მწვანე [ტყიანი] და მთის ლანდშაფტები. ეს იმ ტურისტებისთვისაა სასარგებლო, რომლებიც სწრაფად ურბანიზებული თურქული ქალაქებიდან თავის დაღწევას ცდილობენ და დასასვენებლად წყნარ ადგილს ეძებენ“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.


http://www.hurriyetdailynews.com/greece-as-the-most-popular-destination-for-turkish-tourists.aspx?pageID=449&nID=117378&NewsCatID=412

ბეჭდვა