ისლანდია საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს
ისლანდია საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს
14:05 23.08.2017
დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ინფორმაციით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება გამოქვეყნდა .

ელჩის შეფასებით ისლანდიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას.

ელჩის განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველზე, ისლანდიური მხარე აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და რამდენიმე დღეში დააბრუნებს მათ სამშობლოში.

ამავე დროს, მათ დაეკისრებათ ისლანდიის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები. აქვე უნდა აღინიშნოს, ისლანდიის რესპუბლიკა წარმოადგენს შენგენის ასოცირებულ ქვეყანას, ინფორმაცია დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ დაუყოვნებლივ აისახება შენგენის ერთიან საინფორმაციო სისტემაში, ხოლო დეპორტირებული პირები დაექვემდებარებიან სანქციებს, რაც მათ შორის გულისხმობს მნიშვნელოვან ფულად ჯარიმას და შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვას 5 წლამდე ვადით.


ბეჭდვა