საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა კონკურსის - „ქართული კალიგრაფიის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ირინე ქურდაძემ მათ ფასიანი საჩუქრები გადასცა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა კი ფონდის ფავორიტი დააჯილდოვა.
სულხან სისაურმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს მარიამ მათიაშვილს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ფარგლებში გამოცემული წიგნები გადასცა.
კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღისადმი მიძღვნილი „დამწერლობის ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და კალიგრაფიის თემით დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს.
კონკურსის მიზანი ქართული დამწერლობის, როგორც კულტურული ფენომენის პოპულარიზაცია და ქართული კალიგრაფიული სკოლის აღორძინებაა.
