საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომში ხანძრის ადგილზე ამ
ეტაპზე ვითარება გაუმჯობესებულია.
მისივე თქმით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე ჯერ-ჯერობით კიდევ არსებობს.
„ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მონიშნულია ჩასაქრობი ზონები, მუშაობს 3 ვერტმფრენი, თურქეთიდან გზაშია კიდევ 2 ვერტმფრენი, სამწუხაროდ, დილით ძლიერი ქარის გამო, ვერ ჩამოფრინდნენ თუმცა, დაახლოებით ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან და ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება. ამ ეტაპზე მუშაობს ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან და რაც საჭიროა, ყველაფერი კეთდება. ყველაზე მძიმე ვითარება გვაქვს ერთ კერაზე, რომელზეც მიმართულია მთელი ძალა, ხდება ტუმბოებით წყლის ატანა, ეკიპაჟები იმუშავებენ ზედა მხრიდან და ვფიქრობთ, ჩავაქრობთ ხანძარს. ხანძრის გავრცელების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს თუ ქედი არ ჩავაქრეთ, ქედის ჩაქრობის შემდეგ მწვავე ფაზა გადაივლის“- განაცხადა პრემიერმა.
