„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ იპოდრომის სარეკრეაციო ზონის განადგურების შესახებ მასალებს პროკურატურაში გადაგზავნის
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ იპოდრომის სარეკრეაციო ზონის განადგურების შესახებ მასალებს პროკურატურაში გადაგზავნის
13:46 30.06.2012
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ მერიის მიერ იპოდრომის სარეკრეციო ზონის განადგურების შესახებ მასალებს პროკურატურაში გადაგზავნის.  ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იპოდრომზე, შპს „ინვესტ კაპიტალის” კუთვნილ ტერიტორიაზე, მესაკუთრესთან შეუთანხმებლად თბილისის მერიის წარმომადგენლებმა მაისურებით „გაამწვანე შენი ქვეყანა“ საავტომობილო გზის გაყვანის საბაბით, ხეების მასიური გაჩეხვა დაიწყეს.
მჟავანაძის ინფორმაციით, „ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“ ხელისუფლებას ხეების გაჩეხვის შეწყვეტის მოთხოვნით არაერთგზის მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
„ის ტერიტორია, სადაც ამჟამადაც მიდის ხეების მასიური ჩეხვა შპს ,,ინვესტ-კაპიტალს’’ ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნული ტერიტორია შპს ,,ჟოკეი-კლუბიდან’’ 2010 წელს შეიძინა. ,,ჟოკეი-კლუბს’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ ქალაქის საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტერიტორიას გამოყოფდა და აღნიშნული მშენებლობისთვის 500 000 აშშ დოლარს დახარჯავდა“ - განაცხდა მჟავანაძემ.
მისივე ინფორმაციით, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მაგისტრალი თამარაშვილის ქუჩას საბურთალოს ქუჩის მხრიდან შეურთდებოდა. ხელისუფლებამ კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია და მაგისტრალის გაყვანა თვითნებურად გადაწყვიტა.
„ხელისუფლების ამგვარი ქმედებები არა მარტო კონსტიტუციით უზრუნველყოფილი საკუთრების უფლების ხელყოფაა, არამედ გარემოს წინააღმდეგ განხორციელებული ვანდალური აქტიც. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზა გამოეყენებინა, შუაგულ სარეკრეაციო ზონაში შეიჭრნენ და ასეულობით მწვანე ნარგავი გაანადგურეს“- აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, რომელიც „ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვას“ გულისხმობს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ბეჭდვა