ახალციხეში ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
 ახალციხეში ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
11:51 09.08.2017
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ახალციხის მუნიციპლიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა გააცნო.
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათა არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული. იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი.
სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 29 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.



ბეჭდვა