თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილე დავით საგანელიძე, თანამდებობიდან მის გადაყენებას პოლიტიკურ კოალიცია
„ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას უკავშირებს.
როგორც საგანელიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგში ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მისი მოადგილის პოსტიდან მოხსნა იყო.
მისი თქმით, იმისთვის, რომ საკუთარი კოლეგები უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინა, განცხადება თავად დაწერა და საკრებულოს გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
„საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2 თვის წინ ამირჩიეს, მაშინ, როდესაც არცერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი არ ვიყავი. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წევრი გავხდი, მაშინვე გამაფრთხილეს, რომ ეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტის დატოვებას გამოიწვევდა“ - განაცხადა საგანელიძემ.
იგი განმარტავს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება აქამდე ვერ მოახერხეს, რადგან საკრებულოს სხდომის გამართვას ელოდნენ.
„ერთადერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენა იყო ის არგუმენტი, რომელიც ზაალ სამადაშვილმა წაიკითხა. მან თქვა, რომ მას შემდეგ, რაც თავმჯდომარის მოადგილედ ამირჩიეს, ფიქრობდა, რომ ჩემთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას გააგრძელებდა, მაგრამ რაც „ქართული ოცნების“ წევრი გავხდი, ჩემი ტერმინოლოგია შეიცვალა და მასში სალანძღავი სიტყვები გაჩნდა“- განმარტა საგანელიძემ.
დავით საგანელიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან დღეს კენჭისყრის შედეგად, 33 ხმით არცერთის წინააღმდეგ გადააყენეს.
