„ქომაგი“ მიიჩნევს, რომ დარეგისტრირებული მოქალაქეების დაკითხვა ფონდის სახელის შელახვას ემსახურება
„ქომაგი“ მიიჩნევს, რომ დარეგისტრირებული მოქალაქეების დაკითხვა ფონდის სახელის შელახვას ემსახურება
18:29 29.06.2012
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“ მიიჩნევს, რომ ფონდის მიერ დარეგისტრირებული მოქალაქეების მოწმის სახით დაკითხვა ფონდის  საქმიანობის სახელის შელახვას ემსახურება.
როგორც „ქომაგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების მიერ ფონდის მიმართ განხორციელებული პირველი ქმედება გერმანიაში არსებული საქველმოქმედო ორგანიზაციიდან გადმორიცხული თანხის დაყადაღება იყო, რაც მიზნად ისახავდა ფონდის საქმიანობის პარალიზებას.
„ამის საპასუხოდ ფონდმა სხვა სამართლებრივი გზებით შეძლო ხალხის დახმარება. კერძოდ, საზღვარგარეთ მცხოვრებმა კეთილი ნების ადამიანებმა, ფონდის რეკომენდაციით, უშუალოდ იმ მოქალაქეების ანგარიშებზე ჩარიცხეს თანხა, რომლებმაც ფონდს დახმარებისთვის მიმართეს“ - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ამის პასუხად ხელისუფლებამ ამ მოქალაქეთა საბანკო ანგარიშები დააყადაღა.
განცხადების თანახმად, მოქალაქეთა ნაწილმა მათი ანგარიშების დაყადაღებამდე მოასწრო თანხის აღება, რამაც გამოიწვია ხელისუფლების მიერ ფონდის მიმართ მომდევნო თავდასხმა, თითქოსდა ფონდს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდეს კავშირი და საქველმოქმედო საქმიანობას ფულის გასათეთრებლად იყენებდეს.
„ქომაგის“ ხელმძღვანელთა თქმით, ბრალდებები, რომელიც დაკითხვაზე დაბარებულ მოქალქეებს წაუყენეს სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულია.
„რეალურად ხალხის შსს-ში დაბარების მიზეზი მათი დაშინება და „ქომაგის“ სახელის შელახვაა“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ არის მიმართული ფონდ „ქომაგის“ საქველმოქმედო საქმიანობის წინააღმდეგ.

ბეჭდვა