ხულოს გამგეობაში პროექტის "ასწავლე მაცნეს" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ხულოს გამგეობაში პროექტის "ასწავლე მაცნეს" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
15:51 02.08.2017
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მცირე დარბაზში, პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა აჭარის რელიგიურ უმცირესობებთან სასწავლო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას აჭარის რეგიონის მუსლიმი სასულიერი ლიდერები და მუსლიმი თემის წარმომადგემლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ: ოლივერ რაისნერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯან მონეს სახელობის პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით და მიხეილ მირზიაშვილი - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე.

ხულოს რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად საკითხებს ასოცირების შესახებ შეთანხმება, რელიგია და ევროკავშირი წარმოადგენდა. შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.
2017 წლის 15 მაისიდან „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“ ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს 12-თვიან პროექტს - "ასწავლე მაცნეს".
ეს არის 2016-2017 წლებში განხორციელებული პროექტის - "ასწავლე მაცნეს -ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები" ერთგვარი გაგრძელება, მაგრამ უფრო გაფართოებული ფორმატით.
პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.
პროექტის სამიზნე ჯგუფები არიან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოში - მუსლიმი, კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირები და მათი მრევლი. პროექტის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო შეხვედრები ტოლერანტობაზე, რელიგიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.
პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.


ბეჭდვა