რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა
საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. შეხვედრას გაუძღვა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სამართლის მაგისტრი ალი ბადიროვი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევისა და საქმიანობის წესი, გამგებლის გადაყენების/იმპიჩმენტის წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მაცხოვრებლები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები.
“მადლობა მინდა გადავუხადო რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს და მის წარმომადგენელ ანა მელაშვილს მოწვევისთვის. ძალიან კარგია ასეთი შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, რადგან ყველაზე მეტად მათი, როგორც მოქალაქის და როგორც ამომრჩევლის გააქტიურება არის საჭირო. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრების შემდეგ გარკვეულ დონეზე მართლაც მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველა კითხვას ამომწურავად გავეცი პასუხი როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ ენაზე” - აცხადებს საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.
