არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ორგანიზებით, დღეს ახალციხეში ორდღიანი ტრენინგი დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ „კონსტიტუციის 42-ე“ მუხლიდან აცნობეს, ტრენინგს მცირე და საშუალო ბიზნესის ადვოკატირებით დაინტერესებული იურისტები ესწრებიან.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა კომერციული სამართალწარმოების სფეროში ადგილობრივი ადვოკატების უნარ-ჩვევების ამაღლებისა და ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით აქვს.
ტრენინგზე, როგორც გადასახადის სახეები და მათი გადახდის წესები, სალარო აპარატების გამოყენება, ჯარიმები სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის და სხვა საგადასახადო საკითხები განიხილება.
რეგიონის ადვოკატებისთვის გამართულ ღონისძიებას “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატი როლანდ ასაკაშვილი და “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი მიხეილ ადეიშვილი უძღვებიან.
ტრენინგები პროექტის - „ადვოკატირება კომერციული სამართლის გაუმჯობესებისა და იმპლემენტაციისთვის“ ფარგლებში ტარდება, რომელიც “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” 2011 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროექტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერაა დაფინანსებული.
