ალექსანდრე ბარამიძე - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია
ალექსანდრე ბარამიძე - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია
11:00 29.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.
სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების სარჩელი - ივანიშვილის მოქალაქეობის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
როგორც ივანიშვილის ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეს ორი სიტყვითაც კი, არ დაუსაბუთებია თუ რა მიზეზით არ დააკმაყოფილა მათი საჩივარი.
„ჩვენ ყოველმხრივ დასაბუთებული საჩივარი გვქონდა. ჩვენ ვასაბუთებდით, რომ პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად იქნა გამოყენებული შესაბამისი კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, თუ სასამართლომ ეს არ გაიზიარა, იურიდიული შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია“ - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. თუმცა, ივანიშვილის ადვოკატები არც უზენაესი სასამართლოსგან ელიან საჩივრის დაკმაყოფილებას.
„გვესმის, რომ ამას ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მაინც გავასაჩივრებთ, რათა შემდეგ გვქონდეს საშუალება უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტანციას მივმართოთ“ - აღნიშნა ბარამიძემ.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართომ არ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სააპელაციო საჩივარი და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ადვოკატები ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების ბათილად ცნობას ითხოვენ, რაც ავტომატურად, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას გამოიწვევს.

ბეჭდვა