საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ავსტრიაში ვიზიტის
ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთან, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, პროფესორ- ანტონ ცაილინგთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა, სამეცნიერო სფერო და საერთო ევროპული კვლევების კუთხით თანამშრომლობის საკითხები იყო. შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი.
„საქართველოს მეცნიერებისა და განათლების რეფორმისთვის მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ავსტრიული მეცნიერება ნამდვილად არის ერთ-ერთი წამყვანი ევროპაში, როგორც საერთო ევროპული კვლევების კუთხით, ასევე გლობალური მიმართულებით. ამიტომ შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, ველით აკადემიის წარმომადგენლებს საქართველოში, რათა მეტი ინფორმაცია გაიცვალოს ქართულ და ავსტრიულ საზოგადოებას შორის, დაიგეგმოს და საფუძველი ჩაეყაროს ერთობლივ პროექტებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავა.
პროფესორი ანტონ ცაილინგის განცხადებით, ქართველი ახალგაზრდები ავსტრიაში იქნებიან მიწვეულნი, რათა ავსტრიის სამეცნიერო კლუბში გარკვეული პერიოდი გაატარონ.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გვესტუმრა. გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევებზე. გამოიკვეთა რიგი თემები, რაზეც უმჯობესია ერთობლივი მუშაობა. გაჩნდა იდეა, რომ დავაკავშიროთ ორივე ქვეყნის მეცნიერები და ვიფიქროთ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში ერთობლივი თანამშრომლობით. მაგალითად, მოვაწყოთ სამეცნიერო კონფერენციები, ასევე შესაძლებელია ქართველი ახალგაზრდების მოწვევა ავსტრიაში, რათა გარკვეული პერიოდი გაატარონ ჩვენს სამეცნიერო კლუბში“- განაცხადა პროფესორმა.
