ვანის მუნიციპალიტეტში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის
ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან გრიგოლ ლილუაშვილთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან ერთად გაეცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის „მერსი ქორფს“-ის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების „სოფლის ნობათისა“ და „ჭყვიშის“ საქმიანობა მოიცავს ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მოყვანას, როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ისრითს“ გაშენებული აქვთს ჟოლოს ბაღი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ორე ეტ ლაბორა“ მეფუტკრეობის მიმართულებით საქმიანობს.
ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას მხარს უჭერს. ENPARD-ის პროგრამის მთავარი მიზანია, საქართველოში, სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა. 2013 წლიდან, ევროკავშირმა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, 12 მილიონი ლარით დააფინანსა 260 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.
სახელმწიფოს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები ხორცილდება. დღეისათვის, სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელშიც 13000-ზე მეტი ფერმერია გაერთიანებული.
სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
