ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ხვალიდან ორენოვანი მასწავლებლების კონკურსი იწყება
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ხვალიდან ორენოვანი მასწავლებლების კონკურსი იწყება
19:27 10.07.2017
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი 11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

პროგრამის პრეზენტაციას ხვალ ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამართავენ. კონკურსის პრეზენტაცია საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით, 11:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება.

კონკურსი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის “არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, "1+4" ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

შერჩეული დამხმარე მასწავლებლები გადანაწილდებიან ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში, სადაც სახელმწიფო ენის სწავლება განსაკუთრებულ წახალისებას საჭიროებს. ისინი ადგილობრივ მასწავლებლებს დაეხმარებიან ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში.



კონკურში მონაწილეობის მისაღებად 21 ივლისის ჩათვლით განაცხადის გაკეთება შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე.
კანდიდატმა უნდა წარადგინოს ბაკალავრის დიპლომი და ქართულ ენაში მომზადების სერტიფიკატი.
მასწავლებელთა შესარჩევად გათვალისწინებული ორი ეტაპი: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

შერჩეული კანდიდატები სკოლებში გადანაწილებამდე გაივლიან ინტენსიურ მომზადებას. მათ ორი წლის განმავლობაში დაენიშნებათ 750 ლარამდე ხელფასი, ხოლო პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს დაუფინანსდებათ სწავლა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.

ბეჭდვა