წერეთლის გამზირზე დაზიანებული მილის აღდგენა დაიწყო
წერეთლის გამზირზე დაზიანებული მილის აღდგენა დაიწყო
15:04 28.06.2012
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საავარიო ბრიგადებმა წერეთლის გამზირზე დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბრიგადები ამ წუთებში დაზიანების ხარისხსა და კატეგორიას ადგენენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზიანება სავარაუდოდ, მილის ამორტიზებამ გამოიწვია. დაზიანებული წყალდენის სიგრძის განსაზღვრის შემდეგ, იგი მთლიანად გამოიცვლება.
წერეთლის #59-თან მილი დღეს დილით დაზიანდა, რის გამოც წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს წყალი არ მიეწოდება. კერძოდ, დაახლოებით 13:00 საათისთვის წყალი წერეთლის გამზირს, სამტრედიის, მირცხულავას, წყალტუბოს, ჩლაიძის, რობაქიძის, წინამძღვრისშვილის ქუჩას რკინიგზის დეპარტამენტიდან ცაბაძის ქუჩამდე შეუწყდა.
წყალმომარაგება ასევე, შეზრუდული აქვს ხოშარაულის, აგლაძის, გოგოლაურის, გუდაუთის, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, გაფრინდაულის, ვახუშტი ბაგრატიონის და მათ მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ, სავარაუდოდ, როდის აღუდგება წყალმომარაგება გათიშულ აბონენტებს, თუმცა იმედოვნებენ, რომ დაზიანების აღდგენა გვიან ღამემდე მოხერხდება.

ბეჭდვა