არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციაში“ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძეც გაწევრიანდება.
ამის შესახებ დღეს ასოციაციის პრეზიდენტმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
მიმინოშვილი თქმით, მამუკა ჯიბლაძის საქმესთან დაკავშირებული დეტალების კომენტირებისგან ის თავს შეიკავებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე საუბარი მხოლოდ ოჯახის პრეროგატივაა.
მისივე განმარტებით, მთავარია, რომ ჯიბლაძე ცოცხალია, სახლში იმყოფება და თავს ნორმალურად გრძნობს.
„რა თქმა უნდა მამუკა ჩვენთან იქნება. ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, მამუკასთვისაც ეს პერიოდი მძიმე იყო, მაგრამ ის მალე გაივლის და ყველფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება“ - განაცხადა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, ჯიბლაძესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ.
მათემატიკოსი მამუკა ჯიბლაძე, რომელიც გამოცდების ცენტრში კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა, მიმდინარე წლის 11 ივნისს გაუჩინარდა. ის 14:00 საათისთვის სახლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელთან მაია მიმინოშვილთან შესახვედრად გავიდა, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. ჯიბლაძე სახლში 19 ივნისს დაბრუნდა. ამ დროის მანძილზე მისი ადგილსამყოფელის თაობაზე ინფორმცია არ გავრცელებულა.
