მიმინოშვილი - გამოცდებისთვის ყველაფერი მომზადებული დავტოვეთ
მიმინოშვილი - გამოცდებისთვის ყველაფერი მომზადებული დავტოვეთ
14:23 28.06.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის“ პრეზიდენტი მაია მიმინოშვილი იმედოვნებს, რომ წლევანდელი ეროვნული გამოცდები ხარვეზების გარეშე ჩაივლის.

როგორც მიმინოშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ თანამშრომლებს მათ საგამოცდო საკითხებისთვის საჭირო ყველა დეტალი მომზადებული დაუტოვეს.

მისი თქმით, 28 მაისს, როცა ცენტრის თანამშრომლები სამსახურიდან წამოვიდნენ, საგამოცდო ტესტები არა თუ მომზადებული, არამედ უკვე დაბეჭდილი იყო.

„საგამოცდო ცენტრები, მათ შორის, ახალი ცენტრი მუხიანში, გამოცდებისთვის მომზადებული იყო. დარჩენილი იყო მხოლოდ ლოჯისტიკა. საუბარია მოსწავლეების სექტორში შეყვანასა და მაგიდებთან განაწილებაზე“ - განმარტა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნული გამოცდებითვის უკვე მაისისთვის ყველაფერი მომზადებული რომ არ ყოფილიყო, გამოცდები ისე ვერ ჩატარდებოდა, როგორც საჭიროა.

„თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ახლადმოსულმა ადამიანმა ტესტებიც უნდა დაწეროს და საგამოცდოდაც ყველაფერი მოამზადოს, მაშინ ეს სრულიად წარმოუდგენელია. პირველად ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წელს ჩავატარეთ, მაგრამ მუშაობა 5 წლით ადრე დავიწყეთ“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, წლევანდელი ეროვნული გამოცდების ხარვეზების გარეშე ჩატარების წინაპირობა არსებობს, რადგან ცენტრიდან თანამშრომლების წამოსვლა მაისის ბოლოს მოხდა.

„საჭირო მხოლოდ სექტორებში მერხების დაწყობა იყო“ - აღნიშნა მიმინოშვილმა და დასძინა, რომ ლოჯისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელთა ნაწილი გამოცდების ეროვნულ ცენტრში დარჩა, რომლებიც ახლა ამ ყველაფრის ორგანიზებას ახდენს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან 28 მაისს გაათავისუფლეს, რასაც ცენტრიდან 60-მდე თანამშრომლის წამოსვლა მოჰყვა. მათ არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია“ დაარსეს, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

ბეჭდვა