თბილისის მერი პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
თბილისის მერი პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
15:03 29.06.2017
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ეროვნული არქივიდან სასტუმრო Holiday inn-მდე მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს ვიცე-მერ ლაშააბაშიძესთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოების დათვალიერების პარალელურად, თბილისის მერმა, შესაბამისი კომპანიების და მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, პეკინის ქუჩაზე ტროტუარების გაფართოებისა და ველობილიკების მოწყობის გეგმა განიხილა და პასუხისმგებელ პირებს კონკრეტული დავალებები ადგილზე მისცა.

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის განახლების და გზის საფარის აღდგენის შემდეგ იგეგმება ტროტუარების 70 სანტიმეტრით გაზრდა და ასევე, ველობილიკების მოწყობა.

„სამუშაოები გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით ტარდება. როგორც ჩვენი კონტრაქტორი, ასევე კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოების მონიტორინგს მე პირადად, ყოველდღიურ რეჟიმში, შტაბში თუ ადგილზე მოსვლით ვახორციელებ იმ ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც საჭიროა სამუშაოების გეგმით გათვალისწინებულ ვადაში დასასრულებლად,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბეჭდვა