ერთიანი ეროვნული გამოცდები ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს
10:30 28.06.2012
საქართველოს 17 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დასაწყებად მზადებამ ხარვეზების გარეშე ჩაიარა.   ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
პირველ გამოცდას აბიტურიენტები დღეს და ხვალ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
„არც ერთ რეგიონში და არც თბილისში არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ჯერჯერობით, არც დაგვიანებებბზე შემოსულა ინფორმაცია“ - განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, გამოცდების საბოლოო შედეგები, აბიტურიენტთა ქულები, ჩარიცხვისა და გრანტების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.
ეროვნულ გამოცდებზე წელს 35 360 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შემდეგ 2 ივლისს დაიწყება გამოცდა უცხო ენაში, კერძოდ გერმანულში; 2, 3 და 4 ივლისი - უცხო ენა (ინგლისური); 5 ივლისი - უცხო ენა (ფრანგული); 5 ივლისი - უცხო ენა (რუსული); 6 ივლისი - ლიტერატურა; 6 ივლისი - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 9 და 10 ივლისი - ზოგადი უნარები; 11 ივლისი - გეოგრაფია; 12 ივლისი - ფიზიკა; 16 ივლისი - ისტორია; 17 ივლისი - მათემატიკა; 18 ივლისი - ბიოლოგია; 19 ივლისი - ქიმია.
ერთიანი სამაგისტრო გამოცდები 12, 13 ივლისს ჩატარდება, ხოლო მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2-დან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ბეჭდვა