სტუდია „მონიტორის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ზურიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება საკაბელო ოპერატორებზე ფარულ წნეხს ახორციელებს, რის გამოც ისინი ტელეკომპანიების „მაესტროსა“ და „მე–9 არხის“ ტრანსლაციაზე უარს ამბობენ.
ამის შესახებ ზურიაშვილმა დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც წინასაარჩევნო პერიოდში საკაბელოების მიერ მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტის შესახებ კანონპროექტი განიხილეს.
როგორც ჟურნალისტმა განაცხადა, ხელისუფლება საკაბელო კომპანიებს ემუქრება, რომ „თუ ისინი „მაესტროსა“ და „მეცხრე არხს“ ჩართავენ, მათ საქმე ცუდად წაუვათ“.
ამასთანავე, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ Must carry -ს პრინციპი არჩევნების შემდეგაც უნდა გავრცელდეს.
„კარგია, რომ ბევრი რამ, რაც დემოკრატიაა, გაითვალისწინეთ, მაგრამ თქვენი აზრით წნეხი და ჩვენი აზრით თავისუფლება, რამდნიმე დღით რომ გაგრძელდეს არ შეიძლება?“ – იკითხა ზურიაშვილმა.
როგორც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა, ხელისუფლებას როგორც ჩანს ეშინია, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში რაიმე დაძაბულობა არ მოხდეს და ამიტომ მაუწყებლების ტრანზიტზე უარს აცხადებს.
„პრობლემა ის არის, რომ თუ გამორთავენ, ეს უფრო დაამძიმებს ვითარებას. როდესაც ადამიანს მრავალფეროვანი ინფორმაცია არ აქვს, ის უფრო ეჭვიანი ხდება. ქვეყანაში სტაბილურობის მთავარი გარანტი პლურალიზმია და ნებისმიერ დაძაბულ ვითარებაში სჯობს არსებობდეს პლურალისტული მედიაგარემო“ – განაცხადა ტუღუშმა.
,,ქრისტიან-დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძის აზრით, არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, მაუწყებლების გათიშვამ შესაძლოა, ხალხის გაღიზიანება და დაძაბულობა გამოიწვიოს.
მმართველი გუნდი ამ მოსაზრებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ Must carry-ს პრინციპი მოსახლეობის წინასაარჩევნოდ მაქსიმალური ინფორმირებისთვის და გააზრებული არჩევანის გაკეთების მიზნით ამოქმედდება.
კანონპროექტის თანახმად, საკაბელო ოპერატორების მიერ მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტი პრეზიდენტის მიერ არჩევნების დღის დანიშვნიდან ორი თვის მანძილზე გაგრძელდება და არჩევნების წინა დღეს, პოლიტიკური რეკლამის აკრძალვასთან ერთად შეწყდება.
