გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ხვალ კონფერენცია-"სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ გაიხსნება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ხვალ კონფერენცია-"სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ გაიხსნება
17:33 02.06.2017
მიმდინარე წლის 3 და 4 ივნისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია - „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება საქართველოს სასკოლო განათლების სისტემაში არსებული იმ ვითარების შესახებ, რომელსაც ვხვდებით მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაში, ასევე ფართო დიალოგის ინიცირება განათლების ხარისხის ამაღლებისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებების შედეგები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
კონფერენციის პირველი დღე დაეთმობა სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასების ძირითადი მიგნებების პრეზენტაციას (მოსწავლეთა მიღწევები და განათლების პოლიტიკა), მეორე დღეს კი დაგეგმილია დისკუსიები იმ ქმედითი ღონისძიებების თაობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებასა და, ზოგადად, სასკოლო განათლების ხარისხის ზრდას (რა უნდა შეიცვალოს და როგორ?).
კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები.
"სასკოლო განათლებაში არსებული ვითარების შესაფასებლად ქვეყნები სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების შედეგებს იყენებენ. სახელმწიფო შეფასება ეროვნული მასშტაბით არსებული სურათის შესწავლაზეა ორიენტირებული, ხოლო საერთაშორისო კვლევები ქვეყნის შედეგების გლობალურ კონტექსტში შეფასების საშუალებას გვაძლევს. საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები საქართველოში რეგულარულად ტარდება და მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს"-აცხადებენ ცენტრში.

ბეჭდვა