ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში აივ-ის მკურნალობის სამწლიანი პროექტი იწყება
ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში აივ-ის მკურნალობის სამწლიანი პროექტი იწყება
12:33 27.06.2012
ახალგაზრდებისთვის აივ-ის ნებაყოფლობითი ტესტირებისა და
კონსულტირების მომსახურების გაუმჯობესების მიზანით, ევროკავშირი საქართველოში  სამწლიან პროექტს იწყებს.

პროექტის სახელწოდებაა „არასამთავრობო სექტორის გაძლიერება აივ/შიდსის პროფილაქტიკის, მკურნალობის და მოვლის საკითხებში, ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ქვეყნებში“, რომლის ფარგლებში რისკის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ კონფიდენციალური, ანონიმური და უფასო აივ-ის ტესტირებითა და კონსულტაციით ისარგებლონ.

აღნიშნული პროგრამა ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას შეარჩევს და დაეხმარება მათ ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებაში. პროგრამის შედეგად, ხარისხიანი და ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი, კონფიდენციალური ტესტირებისა და საკონსულტაციო სერვისები შეიქმნება, რომლებიც მოემსახურება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის 10 000 ახალგაზრდას და პრევენციასთან იქნება დაკავშირებული.

ინიციატივა იმუშავებს პოლიტიკის დონეზეც და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შეეცდება, გავლენა მოახდინოს პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებაზე.

პროგრამის კიდევ ერთი ასპექტი იქნება სამთავრობო დაწესებულებებსა და სხვა პარტნიორებთან კავშირი და საქმიანობის კოორდინაცია, იდეების, საუკეთესო გამოცდილების და ხარვეზების შესახებ ინფორმაციის უკეთესი გაზიარების მიზნით.

პროექტის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია 60 თანატოლ-განმანათლებელის მომზადება თანატოლებთან სამუშაოდ.

ახალგაზრდები შეეცდებიან გაზარდონ მოთხოვნა თავიანთ თანატოლებში აივ ტესტირებასა და კონსულტაციაზე. პროგრამის შედეგად, ყველაზე მაღალი რისკის მქონე, სავარაუდოდ, 3600 ახალგაზრდა გაისინჯება აივ-ზე და მიიღებს კონსულტაციას, რაც მათ საშუალებას მისცემს გააკეთონ გააზრებული არჩევანი და მიიღონ გადწყვეტილება ნარკოტიკების გამოყენებასა და სქესობრივ კავშირებზე.

ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს, რომ საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც აივ/შიდსის გავრცელება მატულობს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ახლადდარეგისტრირებული შემთხვევები 10–ჯერ უფრო მეტად გაიზარდა.


ბეჭდვა