საქართველოს ტერიტორიის უმეტესს მხოლოდ ორი ტელეარხის მაუწყებლობა ფარავს და ისინი პრო-სახელისუფლონი არიან. ამის შესახებ International Herald Tribune წერს.
ინფორმაციის თანახმად, მცირეოდენ დამოუკიდებელ და ოპოზიციურ საინფორმაციო არხებს და მათ შორის „მე-9 არხსაც“, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, გავრცელება შეზღუდული აქვთ.
„Herald Tribune” წერს, რომ ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ საეთერო მაუწყებლობის ლიცენზია მხოლოდ პრო-სამთავრობო არხებს აქვთ და, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საკაბელო კომპანიების უმეტესობა, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი მთავრობასთან, ოპოზიციური ან დამოუკიდებელი არხების გავრცელებაზე უარს აცხადებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, „გლობალ ტვ“ ერთადერთი მაუწყებელია, რომელიც „მე-9 არხის“ გადაცემებს თავის აბონენტებს სთავაზობს.
„მთავრობა აცხადებს, რომ გასულ თვეში „გლობალ ტვ“-იმ თეფშების უფასოდ დარიგება იმიტომ კი არ დაიწყო, რომ აბონენტები წაეხალისებინა, არამედ იმიტომ, რომ ამომრჩევლები მოესყიდა. ამბობდნენ, თითქოს, „გლობალ ტვ“-ის ზოგიერთი თანამშრომელი სახლებში თეფშების დაყენებისას აცხადებდა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის, ოპოზიციური პოლიტიკოსისა და მილიარდერის საჩუქარია“- აღნიშნულია სტატიაში.
ინფორმაციაში ასევე, წერენ, რომ მთავრობა იმასაც ამტკიცებდა, თითქოს „გლობალ ტვ“-იმ, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ივანიშვილის ძმაა, ახალი თეფშები ივანიშვილისგან აღებული სესხით შეიძინა, თუმცა, მთავრობის ძალებმა ათასობით თეფში მანამ, სანამ მათი უმეტესობის დარიგება მოხერხდებოდა, დააყადაღა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციის თანახმად, ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში, მისი მედიის საზრდოში, ამ ვირტუალურ მონოპოლიაში დომინირებს პატარა ბიზნესმენთა ჯგუფი, მჭიდრო კავშირებით თავდაცვის სამინისტროსთან, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „რუსთავი-2-ის“, ქვეყნის ყველაზე დიდი პრო-სამთავრობო ტელეარხის ყოფილი დირექტორი და თანამფლობელი მართავს.
„ოპოზიციური პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყნის ორი ყველაზე დიდი ტელეარხი, „რუსთავი 2“ და „იმედი“, სხვა არაფერს წარმოადგენენ, თუ არა სააკაშვილის კომერციულ რუპორს. მთავრობა აცხადებს, რომ მე-9 არხი „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მანქანაა - სხვა თუ არაფერი მისი ერთ-ერთი მფლობელი ივანიშვილის ცოლია“- წერს „Herald Tribune”.
მისივე ინფორმაციით, შესაძლებელია, მედიის კანონების ლიბერალიზაციამ პოლიტიკური დებატები კიდევ უფრო პოლარიზებული გახადოს, ხოლო სააკაშვილის მთავარი მოტივი უფრო თავდაცვაა, ვიდრე მედიის გათავისუფლება, მაგრამ ის რაც ხდება, მაინც კარგია.
კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის მიერ ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 10-დან 9 ქართველისთვის ტელევიზია მთავარი საინფორმაციო წყაროა, ამიტომ „Must Carry“, სულ ცოტა, ქართველებს დებატებისას ორივე მხარის მოსმენის საშუალებას მისცემს. მერე კი, ისინი თავად გადაწყვეტენ, ვინ ამბობს სიმართლეს, თუ სიმართლეს ვინმე ამბობს.
მასალა მომზადებულია „foreignpress.ge“-ს თარგმანზე დაყრდნობით.
