ქართული მთის ჯიშის ღორებისგან "ჰამონის" წარმოება დაიწყება
ქართული მთის ჯიშის ღორებისგან "ჰამონის" წარმოება დაიწყება
14:09 26.05.2017
„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ დაიწყო, რომელსაც „საპარტნიორო ფონდი“ და კომპანია NATIVE GEORGIAN ერთობლივად განახორციელებს. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში რაჭაში- სოფელ ღარში ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
მშენებლობის საძირკველის ჩაყრაში მონაწილეობა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდის „„DerazaIberico S.L.„-ს მფლობელმა და საქართველოში NATIVE GEORGIAN-ის მესაკუთრემ რეხინოდიაზ დელ რიოსამ, ასევე NATIVE GEORGIAN-ის დირექტორმა ლუის სანსიმ და ესპანეთის დელეგაციის სხვა წევრებმა მიიღეს. ოფიციალურ ცერემონიას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე, მხარის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე და საპარტნიორო ფონდისა და კომპანია NATIVE GEORGIAN-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.
ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი საქართველოში „იბერიკოს“ ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული „ჰამონის“ წარმოებისა და მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ეტაპებს მოიცავს. პროექტში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
„„DerazaIberico S.L."-ი არის მსოფლიოში უმსხვილესი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია. მათ გასული საუკუნის 20-იან წლებში გადაშენების პირას მყოფი ესპანური შავი ფერის ღორის ხორციდან ცნობილი „ჰამონის“ წარმოება დაიწყეს და მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტი შექმნეს. ესპანელი ბიზნესმენები საქართველოში უკვე რამდენჯერმე იყვნენ, მათ შემოიარეს მთელი ქვეყანა და ლაბორატორიულ დონეზე შეისწავლეს ადგილობრივი ღორის ჯიშები. საქართველოში აღმოჩნა ისეთი ჯიში, რომელიც ესპანური ღორის „იბერიკოს“ ჯიშის გენოტიპთან იდენტურია და რომლისგანაც ყველაზე ხარისხიანი და ძვირადღირებული ჰამონის დამზადებაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია რომ პროექტი მოიცავს სოციალურ ასპექტსაც. ანალოგიური ფერმები კიდევ 9 რეგიონში აშენდება.

ბეჭდვა