საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისსა და ფოთში,
საზოგადოებას მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებას შესთავაზებს, რაც მთელის დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დილის 11:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის გაიმართება თავისუფალი გაკვეთილები თემებით: რობოტიკა, ინჟინერია, მონოტიპია, სამაგიდო თამაშები, ქიმიური ექსპერიმენტები, ძერწვა და პროგრამირება.
დღის 12 საათიდან, მხოლოდ ერთი დღით, სპეციალურად 26 მაისისთვის, „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გამოფენა გაიხსნება, სადაც კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის მოწყობილ საგამოფენო სივრცეში, ცენტრის უნიკალური მულაჟები გამოიფინება.
მთელი დღის განმავლობაში იფუნქციონირებს „ზღაპრული კარვები“ სადაც შესაძლებელი იქნება „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების კალიგრაფიული შესრულება და „ვეფხისტყაოსნის“ სტროფის გადაწერა; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრატორებთან ერთად, ქაღალდის დაძველებისა და წიგნის აკინძვის ტექნიკის გაცნობა და ამ პროცესებში მონაწილეობა; „ვეფხისტყაოსნის“ გმირებისა და პოემის ცალკეული ეპიზოდების გამოსახულებით ალბომის გაფერადება. „საბუნებისმეტყველო კარავში“ კი მოზარდებს შეეძლებათ დარგონ ნერგები, მიიღონ ინფორმაცია მცენარეების სამკურნალო თვისებებზე და ჯანსაღ კვებაზე.
საგანმანათლებლო ღონისძიებებით დატვირთული იქნება ფოთიც, სადაც სტუდენტური კონცერტის გარდა, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ორგანიზებული გამოფენა მოეწყობა.
